ახალგაზრდობის სააგენტო

მთავრობამ ახალგაზრდობის სააგენტო დააფუძნა

მამუკა ბახტაძე

საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს დადგენილებით, დამტკიცდა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), ახალგაზრდობის სააგენტო.

როგორც მთავრობის დადგენილებაში წერია, სსიპ-ი "შექმნილია სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით."

სააგენტოს ფუნქციებსა და მოვალეობებში შედის ახალგაზრდული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავება, ახალგაზრდების მავნე ზეგავლენებისგან დაცვა, სტუდენტური თვითმმართველობებისა და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარება, აგრეთვე "ახალგაზრდობის ადვოკატირება ეროვნულ, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე" და ა.შ.

როგორც დადგენილებაში წერია, სააგენტოს ერთ-ერთი მიზანი "ახალგაზრდებისთვის ხელსაყრელი სტარტაპ-ეკოსისტემის" შექმნაა.

სააგენტოს მიზნებში შედის აგრეთვე ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ახალგაზრდული საქმიანობის მხარდაჭერა, მათი ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო უფლებებისა და აქტუალური საკითხების მიმართულებით და სხვა.

ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსების ძირითადი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები იქნება.

სააგენტო, რომელიც სამი დეპარტამენტისგან შედგება, იქნება განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული.

უწყების ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები პრემიერმინისტრმა დადგენილების მიღებიდან ერთ კვირაში უნდა დანიშნოს. ხელმძღვანელს სამი მოადგილე ეყოლება.

 

 

კომენტარები