ახალგაზრდობის სააგენტო

მთავრობის ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს ქმნის

რეზო ჩარკვიანი
რეზო ჩარკვიანი

საქართველოს მთავრობის მიერ 2019 წლის 26 აგვისტოს დადგენილებით შექმნილი ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს ქმნის.

ახალგაზრდობის სააგენტოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახალგაზდა მრჩეველთა საბჭოს ამოცანა "ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა იქნება."

"სააგენტომ აირჩია გეზი, რომ მისი პოლიტიკა და გადაწყვეტილებები იყოს მონაწილეობრივი, რაც გულისხმობს, ახალგაზრდების ჩართვას იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რომელიც მათ ეხებათ, როგორც ადგილობრივ ისე ეროვნულ დონეზე."

როგორც სააგენტოში ამბობენ, ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭო "ევროპაში აპრობირებული ეფექტური მექანიზმია და უზრუნველყოფს, რომ სააგენტოს საქმიანობაში ახალგაზრდების ხმა უფრო მკაფიოდ გაჟღერდეს."

როგორც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ირკვოდა, მთავრობა ახლადშექმნილ ახალგაზრდობის სააგენტოს 5 მილიონი ლარით აფინანსებს.

სააგენტოს ხელმძღვანელობს რეზო ჩარკვიანი, რომელიც იქამდე მამუკა ბახტაძის მრჩეველი იყო ახალგაზრდობის საკითხებში.

როგორც მთავრობის დადგენილებაში წერია, სსიპ-ი "შექმნილია სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით."

სააგენტოს მიზნებში შედის აგრეთვე ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ახალგაზრდული საქმიანობის მხარდაჭერა, მათი ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო უფლებებისა და აქტუალური საკითხების მიმართულებით და სხვა.

კომენტარები