ახალგაზრდობის სააგენტო

მთავრობა 5 მილიონით დააფინანსებს ახალგაზრდობის სააგენტოს

რეზო ჩარკვიანი
რეზო ჩარკვიანი

2020 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა, რომ მთავრობა ახლადშექმნილ ახალგაზრდობის სააგენტოს 5 მილიონი ლარით დააფინანსებს. ამის შესახებ ფლანგვის დეტექტორი იუწყება.

სააგენტოში 48 ადამიანი იქნება დასაქმებული, შრომის ანაზღაურებაზე კი 1 150 000 ლარი დაიხარჯება.

ახალგაზრდობის სააგენტო მაშინდელი პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის 2019 წლის 26 აგვისტოს დადგენილებით შეიქმნა.

მალევე გახდა ცნობილი, რომ სააგენტოს უხელმძღვანელებს რეზო ჩარკვიანი, რომელიც იქამდე მამუკა ბახტაძის მრჩეველი იყო ახალგაზრდობის საკითხებში.

როგორც მთავრობის დადგენილებაში წერია, სსიპ-ი "შექმნილია სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით."

სააგენტოს ფუნქციებსა და მოვალეობებში შედის ახალგაზრდული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავება, ახალგაზრდების მავნე ზეგავლენებისგან დაცვა, სტუდენტური თვითმმართველობებისა და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარება, აგრეთვე "ახალგაზრდობის ადვოკატირება ეროვნულ, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე" და ა.შ.

როგორც დადგენილებაში წერია, სააგენტოს ერთ-ერთი მიზანი "ახალგაზრდებისთვის ხელსაყრელი სტარტაპ-ეკოსისტემის" შექმნაა.

სააგენტოს მიზნებში შედის აგრეთვე ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ახალგაზრდული საქმიანობის მხარდაჭერა, მათი ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო უფლებებისა და აქტუალური საკითხების მიმართულებით და სხვა.

კომენტარები