რუსთავი 2-ის საქმე

ყარამანიშვილები R2-ის ხალვაშისთვის გასაჩივრებამდე გადაფორმებისთვის საჯარო რეესტრს უჩივიან

დიმიტრი საძაგლიშვილი, ადვოკატი
ტაბულა

რუსთავი 2-ის ყოფილმა მფლობელებმა, ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა, საჯარო რეესტრს უჩივლეს. საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე შევიდა. 

ძმები ყარამანიშვილები მიიჩნევენ, რომ საჯარო რეესტრის მიერ მიღებული ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაშს წილები სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გადაუფორმეს. 

"რუსთავი 2-ის ყოფილმა მფლობელებმა, ლევან ყარამანიშვილმა, გიორგი ყარამანიშვილმა და შპს "საქართველომ" სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს. ითხოვენ საჯარო რეესტრის იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც რუსთავი 2-ის წილები ქიბარ ხალვაშის საკუთრებად დარეგისტრირდა,"- ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი. 

საძაგლიშვილის თქმით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ უნდა დაერეგისტრირებინა ქიბარ ხალვაშისთვის საკუთრება იქამდე, ვიდრე გადაწყვეტილებას მხარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში არ გაასაჩივრებდა და დიდი პალატა ახალ გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა.

"იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებით, შესაძლოა, დაკმაყოფილდეს ყარამანიშვილებისა და შპს საქართველოს საჩივარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მერე ხელახლა უნდა იქნეს განხილული საქართველოში ეს დავა. ეს, რა თქმა უნდა, დროსთანაა დაკავშირებული და, აი, ამ პერიოდში შეიძლება, რუსთავი 2 ფიზიკურად აღარ არსებობდეს და ზუსტად ამიტომ არ უნდა მოეხდინა მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციის განხორციელება,"- ამბობს საძაგლიშვილი.  

ადვოკატის თქმით, ძმები ყარამანიშვილები დაინტერესებულ პირებს მოუწოდებენ, არ შეიძინონ რუსთავი 2-ის წილები იმიტომ, რომ ისინი სასამართლოში აგრძელებენ დავას და, შესაძლოა, ქიბარ ხალვაში აღარ იყოს ტელეკომპანიის კანონიერი მესაკუთრე. 

"არც გაიყიდება რუსთავი 2, სხვა გეგმები აქვთ კომპანიასთან დაკავშირებით, ალბათ, შეეცდებიან კომპანიის გაკოტრებას პირდაპირი მნიშვნელობით ან არაპირდაპირი მნიშვნელობით, რაც ნიშნავს გადაცემების დახურვას, შტატების შემცირებას და ა.შ. და ა.შ. ანუ რეალურად რუსთავი 2 აღარ იარსებებს იმ სახით, რა სახითაც არსებობდა,"- ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

რუსთავი 2-ის ახალმა მფლობელმა 12 აგვისტოს თქვა, რომ რუსთავი 2-ს ყიდის და ამისთვის "ერთკვირიანი გამჭვირვალე კონკურსი" გამოაცხადა.

იქამდე, რამდენიმე დღით ადრე, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ტელეკომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მას რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებას და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვას ედავებიან. გვარამიას რუსთავი ორის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად 40 000 ლარი შეეფარდა, რომელიც ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს. მას ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების თანხმობის გარეშე. R2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი "5 ლარის გადახდასაც" არ აპირებს. მან მხარდამჭერებს მოუწოდა, "1 თეთრიც კი" არ ჩარიცხონ მისი გირაოს ანგარიშზე, "რადგან ეს ჩემთვის ერთადერთი მორალურად სწორი გადაწყვეტილებაა".

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

კომენტარები