რუსთავი 2-ის ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია ამბობს, რომ ტელეკომპანიის მყიდველი ამ დრომდე არ გამოჩენილა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღესვე გააცნობს.
"ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს"- ამბობს სალია ქრონიკასთან საუბარში.
რუსთავი 2-ის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა 12 აგვისტოს თქვა, რომ არხს ყიდის. მისი თქმით, არხი კრიზისშია და მისი ფინანსური შესაძლებლობები არ არის საკმარისი ამ კრიზისიდან გამოსაყვანად.
ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, 14 აგვისტოს იმ ტელეკომპანიებზე ისაუბრა, რომლებსაც სახელმწიფოს ვალი აქვთ და მათ ამ დავალიანების რესტრუქტურიზაცია შესთავაზა. მაჭავარიანმა რუსთავი 2-ს, იმედსა და მაესტროს მოუწოდა, რომ მათ ფინანსთა სამინისტროს მიაწოდონ გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ძველი ვალების გადახდას დაიწყებენ. მაჭავარიანის თქმითვე, ტელეკომპანიებმა მიმდინარე დავალიანებების გადახდა დღესვე უნდა დაიწყონ. მინისტრმა ტელეკომპანიების იმ ვალების რაოდენობაც გაასაჯაროვა, რომელიც მათ 2016 წლის შემდეგ აქვთ:
რუსთავი 2 - 28 მილიონი ლარი, იმედი - 19 მილიონი ლარი და მაესტრო - 8 მილიონი ლარი.
რუსთავი 2-ის ახალი გენერალური დირექტორის, პაატა სალიას, თქმით, ის მზად არის ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები დაიწყოს. ასეთია ტელეკომპანია იმედის პოზიციაც.
შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.