გაერთიანებული სამეფო - რუსეთი

სკრიპალების საქმეში რუსული საწამლავი მეორე ბრიტანელი პოლიციელის სისხლში აღმოაჩინეს

Reuters

ბრიტანელმა დეტექტივებმა, რომლებიც 2018 წელს საწამლავ ნოვიჩოკით სკრიპალების მოწამვლას იძიებენ, შემთხვევის ადგილზე მისული კიდევ ერთი პოლიციელის სისხლის ნიმუშში საწამლავ ნოვიჩოკის არსებობა დაადასტურეს. 

"კონტრტერორიზმის პოლიციის ჯგუფის დეტექტივებმა, რომლებიც სოლსბერიში ნოვიჩოკის საწამლავით თავდასხმას იძიებენ, დაადასტურეს, რომ ნერვული აგენტის კვალი მეორე ოფიცრის სისხლის ნიმუშში აღმოაჩინეს, რომელიც იმ დროს პოლიციის ოფიცრისგან აიღეს," - ვკითხულობთ 2019 წლის 15 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პოლიციის ინფორმაციით, მეორე პოლიციელის მოწამვლა ანალიზებში თავდაპირველად არ ჩანდა და ის მკურნალობის შემდეგ მალევე დაუბრუნდა სამსახურს. თუმცა, პოლიციელის 2018 წლის მარტში აღებულ სისხლის ნიმუშში საწამლავის არსებობა გამოჩნდა მაშინ, როდესაც ის სხვადასხვა მეთოდით გამოსცადეს.  

შემთხვევის ადგილზე მისული კიდევ ერთი ოფიცრის ნიკ ბეილის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა საბოლოოდ ისიც გამოჯანმრთელდა. გამოძიება კვლავ გრძელდება. 

აღნიშნული პოლიციელი მეოთხე ადამიანია, ვინც სოლსბერიში 2018 წლის 4 მარტს მომხდარი შემთხვევის შედეგად მოიწამლა.

შეგახსენებთ, რომ სერგეი და იულია სკრიპალები 2018 წლის 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, ნოვიჩოკის ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

მაისში, 2-თვეზე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს.

2018 წლის ივლისში უილტშირში, სოლსბერისთან ახლოს, ორი ადამიანი ასევე ნოვიჩოკით მოიწამლა. მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

მათი მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

რუსეთი ორივე ფაქტთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს, თუმცა დანაშაულში მთავარი ეჭვმიტანილები GRU-ს აგენტები არიან.

გასულ წელს Russia Today-ზე გასულ ინტერვიუში მათ თქვეს, რომ სოლსბერიში ტურისტებად ჩავიდნენ და კათედრალი მოინახულეს.

ამის შემდეგ რუსულმა პროპაგანდისტულმა სახელმწიფო მედიამ, Russia Today-მ საჩუქრების სახით შოკოლადისაგან დამზადებული სოლსბერის კათედრალი დააგზავნა.

2019 წლის თებერვალში დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში კათედრალზე რუსეთის დროშა გამოფინეს.

კომენტარები