სექსუალური შევიწროება

საია: სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფერხებს შევიწროებაზე, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბარს

საჯარო რეესტრი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, პაპუნა უგრეხელიძის მიერ ეკა მესხიძის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე მოსამართლის გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და ქმნის იმის საფრთხეს, რომ მსხვერპლებმა სექსუალური შევიწროებისა და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ საჯაროდ არ ისაუბრონ.

"პაპუნა უგრეხელიძე ითხოვდა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფას. კერძოდ, სარჩელი ეფუძნებოდა ეკა მესხიძის მიერ სხვადასხვა ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებებს, სადაც იგი სექსუალური შევიწროების ისტორიას ყვებოდა. მათ შორის, მსხვერპლი მასზე განხორციელებულ შევიწროებას აფასებდა როგორც მასზე მომხდარ [ფსიქოლოგიურ] ძალადობას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მსხვერპლს ინტერვიუებში გაკეთებული ზოგიერთი განცხადების უარყოფა დაავალა. მსხვერპლის მიერ გავრცელებული ცნობების ნაწილი შეიცავდა აზრებსა და შეფასებებს, რაც მოქმედი კანონმდებლობით დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. რაც შეეხება ფაქტებს, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ეკა მესხიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მსხვერპლს მისი უარყოფა დაავალა. საია მიიჩნევს, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და ქმნის იმის საფრთხეს, რომ მსხვერპლებმა სექსუალური შევიწროებისა და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ საჯაროდ არ ისაუბრონ. დღევანდელ გადაწყვეტილებას საია სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და გააგრძელებს მსხვერპლის ინტერესების დაცვას.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო არ განიხილავდა პაპუნა უგრეხელიძემ განახორციელა თუ არა სექსუალური შევიწროება. აღნიშნული გარემოება უკვე დადგენილია სახალხო დამცველის მიერ, რაც გასაჩივრებას არ ექვემდებარება. კერძოდ, შევიწროება და სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია სახალხო დამცველმა 2017 წლის 03 მაისს დაადგინა. სახალხო დამცველის დასკვნის თანახმად, პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფამილიარული ტერმინოლოგიის გამოყენებას, მუქარის შემცველ სმს ტექსტებს და ა.შ. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთაგან მოპოვებული ინფორმაციისა და მოპასუხესთან გასაუბრებიდან გამოკვეთილი ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნია, რომ პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა, ერთი მხრივ სქესის ნიშნით შევიწროებას, რაც გამოიხატებოდა მსხვერპლის შეურაცხყოფასა და დამამცირებელ სამუშაო გარემოს შექმნაში, და მეორე მხრივ, ვერბალური ფორმით სექსუალურ შევიწროებაში", - აცხადებენ საია-ში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლს დაავალა შემავიწროებლის შესახებ საჯაროდ გავრცელებული ცნობების ნაწილი უარყოს. საუბარია ეკა მესხიძეზე, რომლის სქესის ნიშნით და სექსუალური შევიწროება საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსის, პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან სახალხო დამცველმა დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მედიაშიც, რის შემდეგაც უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა და მესხიძეს სასამართლოში პატივისა და ღირსების შელახვის მუხლით უჩივლა. ის მესხიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას ითხოვდა.​

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე, პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომელს, ეკა მესხიძეს სქესის ნიშნით და სექსუალურად ავიწროებდა. ამავე დოკუმენტში საუბარია მუქარაზე და არის მტკიცებულებები SMS შეტყობინებების სახით, სადაც უგრეხელიძე მესხიძეს ცემით ემუქრება.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის დასკვნა 2017 წლის მაისში მომზადდა, მასზე კომენტარი პაპუნა უგრეხელიძის უშუალო ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც ფაქტი მედიით გახდა საჯარო. იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ "როგორც ქალმა მინისტრმა, პაპუნა უგრეხელიძეს უნდა მოუსმინოს" და პოზიციას შემდეგ დააფიქსირებს.

27 მარტს, წულუკიანის განცხადებიდან მეორე დღეს, მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, პაპუნა უგრეხელიძე თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ ეკა მესხიძე აშანტაჟებდა და შურისძიების გამო უჩივლა, რადგან მისი ქმარი სამსახურიდან გაათავისუფლა. მესხიძე ამ დრომდე კონფიდენციალური იყო, თუმცა ყოფილმა ხელმძღვანელმა მისი და მისი ქმრის სახელი საჯაროდ, ფეისბუქზე დაწერა. პაპუნა უგრეხელიძემ ასევე დაწერა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო, სასამართლოს მიმართავს.

იმის გამო, რომ ყოფილმა ხელმძღვანელმა მისი ვინაობა გაასაჯაროვა, ეკა მესხიძემ ამ საკითხზე არა კონფიდენციალურად, არამედ ღიად გააგრძელა საუბარი. მისი თქმით, ქმრის გათავისუფლება არაფერ შუაშია და სახალხო დამცველს მუქარის შემდეგ მიმართა, თუმცა, ეს ორი შემთხვევა დროში ერთმანეთს დაემთხვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წლის 30 მარტს გამოქვეყნდა კოალიაცია "თანასწორობისთვის" ანგარიში, სადაც საუბარია უგრეხელიძის მხრიდან შევიწროების კიდევ ორ საქმეზე. დოკუმენტის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილ თავმჯდომარის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლო ორ საქმეს განიხილავს, რომელშიც სექსუალური შევიწროების ნიშნები იკვეთება.

"მუშაობის პროცესში არაერთხელ ჰქონია ადგილი მოსარჩელეთა შევიწროებასა და სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულებაში ხელის შეშლას. საქმეში წარდგენილია მხარეებს შორის პირადი მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელშიც იკვეთება სექსუალური შევიწროება. სააგენტოს თავმჯდომარე მიმართავდა მოსარჩელეებს ისეთი ზედმეტსახელებით, რომლებიც მათთვის შეურაცხმყოფელი იყო. საჯარო რეესტრის თავმჯდომარე მესამე პირებთან აცხადებდა, რომ მოსარჩელე ქალები იყვნენ მისი "ციყვები", მათთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, მისი მიყვანილები იყვნენ და როცა უნდოდა, მაშინ გააგდებდა. საქმეში ასევე არსებობს მოწმეთა ჩვენებები", - აღნიშნულია ანგარიშში.

პაპუნა უგრეხელიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვის მუხლით ორჯერ მიმართა - თავდაპირველად, სასამართლომ უარი უთხრა, რადგან სარჩელში არ იყო მითითებული კონკრეტულად რომელი ცნობების უარყოფას ითხოვდა საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსი. 2018 წლის 1 ივნიის შეტანილი სარჩელი კი სასამართლომ წარმოებაში მიიღო და საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 9 აგვისტოს გამოცხადდა.

კომენტარები