ანწუხელიძის სამშობლოში ვოლსკი როგორ უნდა იღებდეს ხმას, ყველაფერს ხომ აქ საზღვარი, სადამდე უნდა ვითმინოთ ეს წარმოუდგენელი ღალატის ქრონიკა - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უმრავლესობის დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც აგვისტოს ომში დაღუპულებსა და დაშავებულებზე პასუხისმგებლობა ენმ-ს დააკისრა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, გია ვოლსკი რუსული პრესსამსახურების პირდაპირი აგენტია და მისი პირით ივანიშვილი და რუსეთი ლაპარაკობს.
"მე, მიხელ სააკაშვილმა, არამხოლოდ არ მივატოვე საქართველო, როდესაც პირადად მე დამემუქრა პუტინი და მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინც ცოცხალი დადის მას შემდეგ, რაც პუტინიო საჯაროდ დაემუქრა ჩამოკიდებით, მოკვლით და ასე შემდეგ. დაე, ჩამოვიდნენ, დაე, დამიჭიროს, დაე ჩამომკიდოს, დაე მომკლას, არასოდეს მე ჩემს ქვეყანას არ ვუღალატებ, არასოდეს მოვაწერ ხელს მის დაშლას და ჩვენ მივაღწიეთ ისეთ ხელშეკრულებას, რომლითაც დაცული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს ვოლსკი მაშინ იყო ხვრელში, ეს ვირთხა და არარაობა და სხვა არარაობები, რომლებიც იქ იყვნენ, როცა ჩვენ ყველანი ყოველ წამს ვრისკავდით ჩვენს სიცოცხლეს. მას შემდეგ რუსეთი არ ჩერდება და განაგრძობს ქართველ გმირებზე შურისძიებას. უკრაინაში მოკლეს ის ინჟინერი, რომელიც ეხმარებოდა ჩვენს სამხედროებს.
ჩვენს სამხედროებს დასდევენ და აგრძელებენ დევნას მთელ მსოფლიოში. ეს არის სირცხვილი, რომ ასეთ ადამიანებს ვაბლატავებთ. ანწუხელიძის სამშობლოში ვოლსკი როგორ უნდა იღებდეს ხმას, ყველაფერს ხომ აქ საზღვარი, სადამდე უნდა ვითმინოთ ეს წარმოუდგენელი ღალატის ქრონიკა. საქართველოს სამწუხაროდ მოღალატეები ყოველთვის ჰყავდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყოველთვის ჰყავდა ანწუხელიძეები და შინდისი გმირები"- ამბობს სააკაშვილი.
მისივე თქმით, ქვეყნის იმედი შეუპოვარი ქართველი ახალგაზრდებია, რომლებიც 2008 წლის ომმა ვერ გატეხა და ბევრად უფრო პატრიოტად გაიზარდა.
"ვოლსკი მსგავსი ადამიანების სამშობლო არის კრემლი მოსკოვში. ქართველი ახალგაზრდების სამშობლო არის საქართველო, მათ შორის აფხაზეთი და შიდა ქართლი"- ამბობს სააკაშვილი.
ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ 6 აგვისტოს facebook-ზე რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს გამოეხმაურა და ომზე პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებას დააკისრა.
"1. სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა მოახდინა პარტნიორი ქვეყნების მიერ დამტკიცებული სამშვიდობო გეგმის განზრახ ჩაშლა;
2. წაგებისათვის გასწირა ჩვენი ქვეყანა და მეომრები, სასიკვდილო სამიზნედ გამოფინა გორის მოედანზე ჩვენი შვილები;
3. ბრძოლის ველზე მიატოვა გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრები;
4. განზრახ გასწირა, საომარი მოქმედებების ზონიდან არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა;
5. რვა აგვისტოს ჩათვლით არ აღიარებდა რუსეთის მონაწილეობას აგრესიაში, არ მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო ვითარების შესახებ;
6. რუსეთისვე დაკვეთით დაბომბა წინასწარ მონიშნული, დაცლილი არეალი, თავადვე გადაიღო ეს "ოპერაცია" და კადრები გაავრცელა მსოფლიო მასშტაბით;
7. აგრესორს შეუქმნა შემოჭრისათვის თავის მართლების საფუძველი;
8. "მტრისათვის ნიღაბის ჩამოხსნის" აღსანიშნავი ზეიმი მოაწყო რუსთაველზე;
9. იმავე წელს, თავადვე დაუჭირა მხარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი ომი განაპირობა დაბომბვამ, ხოლო რუსეთმა საპასუხო ქმედება განახორციელა"- დაწერა ვოლსკიმ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.





