ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ ბოლო 8 დღეში მესამე სარაკეტო გამოცდა ჩაატარა

AFP

ჩრდილოეთ კორეამ უკანასკნელ 8 დღეში მესამე სარაკეტო გამოცდა ჩაატარა. სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების თქმით მათ ახალი ტიპის მცირე რადიუსის ორი რაკეტა გამოსცადეს.

რაკეტებმა 220 კილომეტრი დაფარეს და იაპონიის ზღვაში ჩაეშვნენ. ბაზა, რომლიდანაც რაკეტების გაშვება მოხდა ახალია.

მიუხედავად ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შეშფოთებული არ არის და გამოცდები სტანდარტულია და კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებების ნაწილს არ წარმოადგენს.

31 ივლისს ჩრდილოეთ კორეამ ასევე ორი მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.

რაკეტებმა 250 კილომეტრი დაფარეს და იაპონიის ზღვაში ჩაეშვნენ. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ეს განსხვავებული ტიპის რაკეტები იყო ვიდრე ისინი, რომლებიც ქვეყანამ 6 დღის წინ, 25 ივლისს გამოსცადა.

მაშინ რაკეტები ჩამოვარდანმდე 50 კმ სიმაღლეზე აფრინდნენ და ზღვის თავზე 430 და 690 კმ დაფარეს.

ეს მსგავსი გამოცდის პირველი შემთხვევა იყო მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპს სამხრეთ კორიეს საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდა და მოლაპარაკებების განახლებაზე ისაუბრეს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიხედვით კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ მათ მიერ ჩატარებული სარაკეტო ცდები სამხრეთ კორეისათვის გაგზავნილი გაფრთხილებაა.

კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ქვეყანა იძულებულია მსგავსი იარაღი განავითაროს, რათა გაანადგუროს პოტენციური და პირდაპირი საფრთხეები. მისივე თქმით კმაყოფილია ახალი სარაკეტო სისტემით და მისგან თავის დაცვა მარტივი არ იქნება.

"სამხრეთ კორეამ არ უნდა დაუშვას შეცდომა და იგნორირება გაუკეთოს ამ გაფრთხილებას." თქვა მან.

კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი, რომელიც ვიეტნამში გაიმართა და ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების პროცესს შეეხებოდა უშედეგოდ დასრულდა. მას შემდეგ ისინი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე არსებულ დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ და მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა დადეს.

ამის შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ გააკრიტიკა აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები და ის ომისათვის მზადებას შეაფასა. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ აშშ არღვევს პირობას სამხრეთ კორეასთან ერთობლივის სამხედრო წვრთნების შეწყვეტის თაობაზე და ამის გამო აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებები საფრთხის ქვეშაა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის მხრიდან "შეთანხმების პირობების ცალმხრივად დარღვევის" გამო ოფიციალური ფხენიანი გადააფასებს მათ პირობას ბირთვული იარაღის და ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შეწყვეტის თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და სამხრეთ კორეას დაგეგმილი სამხედრო წვრთნები არ გაუუქმებიათ, მისი მასშტაბები შეამცირეს.

კომენტარები