ავტოსაგზაო შემთხვევა

თუშეთში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეშვიდე ადამიანის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა, მდინარე სტორში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ეს არის 27 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული მეშვიდე ადამიანი.

უწყებაში ამბობენ, რომ ხეობაში ამ ხნის განმავლობაში მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის სამმართველოს და მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფები.

"ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი  მოქალაქეების სამაშველო-საძიებო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. მაშველებმა შეძლეს ავარიას გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამის უვნებლად ამოყვანა ხეობიდან, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთე არ ემუქრება. ექვსი გარდაცვლილის წყლიდან ამოყვანა პირველივე დღეებში მოხერხდა. შემდეგ ეტაპზე სპეც ტექნიკის დახმარებით ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი წყლის კალაპოტიდან გამოიტანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ მყვინთავებიც. ღამის განმავლობაში მდინარე სტორის უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობდა. პარალელურად სამაშველო ჯგუფები აწარმოებდნენ კალაპოტის ოთხ კილომეტრიანი მონაკვეთის დეტალური დათვალიერებას", - ამბობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი ავტო საგზაო შემთხვევის შემდეგ სამაშველო საძიებო ოპერაცია დასრულებულია.

თუშეთში ავტოავარია 27 ივლისს მოხდა. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. სატვირთო მანქანაში 12 მგზავრი იმყოფებოდა. 7 დაიღუპა, ხუთმა ადამიანმა კი მანქანიდან გადახტომა მოასწრო, თუმცა ხევში იყვნენ ჩარჩენილები, საიდანაც მაშველებმა ამოიყვანეს. მათ შორის სამი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გამოწერეს.

გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები