ხაზარაძე/ჯაფარიძის ბრალი

პროკურორი: თაღლითურად თანხების დაუფლების შედეგად ზიანი მიადგა TBC ბანკს

ტაბულა

თიბისი ბანკის საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის მილიონ-მილიონ ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა საქალაქო სასამართლომ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000-ლარიანი გირაო და გამოძიების თანხმობის გარეშე საზღვის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.

"მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლომ გაიზიარა რომ საქმეზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, ესეიგი არსებობს საკმარისი მტკიცებულებები რომ ზუსტად ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ჩაიდინეს მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება, ვგულისხმობ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, რომელსაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება ჩადენილი ჯგუფურად.

რაც შეეხება დაზარალებულს, ჩვენ ბრალდების დადგენილებაში ხაზგასმით გვაქვს აღნიშნული, რომ აღნიშნული ქმედებით, კერძოდ თაღლითურად თანხების დაუფლების შედეგად ზიანი მიადგა თიბისი ბანკს, შესაბამისად თუ ვის მიადგა ზიანი ეს თვითონ დაცვის მხარისთვის არის ცნობილი, სასამართლოზეც ეს პოზიცია გაჟღერდა. ჩვენ ბრალდების დადგენილებაში გვაქვს, რომ ზიანი მიადგა თიბისი ბანკს, რაც შეეხება დაზარალებულაც ცნობის საკითხს, ეს არის პროცესუალური საკითხი, პროცესუალური საკითხი მდგომაროებს იმაში, რომ ხანდაზმულობა თაღლითობაზე, რომელი ქმედებითაც ზიანი მიადგა თიბისი ბანკს ამ კვალიფიკაციაზე ხანდაზმულობა არის გასული, ჩვენ თაღლითობის კვალიფიკაციით არ ვედავებით ბრალდებულებს, ვინაიდან ხანდაზმულია და შესაბამისად ამიტომ არ არსებობს დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ", - თქვა არჩილ ტყეშელაშვილმა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინა. 

კომენტარები