ვენესუელა

ვენესუელის უდიდეს ნაწილს, მათ შორის დედაქალაქს, ელექტროენერგია არ მიეწოდება

AFP

ვენესუელის 23 შტატიდან 18, მათ შორის დედაქალაქი კარაკასი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მადუროს მთავრობაში მიზეზად "ელექტრომაგნიტურ თავდასხმას" ასახელებენ და ამბობენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე უკვე მუშაობენ.

ელექტროენერგიის მიწოდება ყველა შტატს მარტშიც შეუწყდა და ეს რამდენიმე კვირას გაგრძელდა. მსგავსი შემთხვევა განმეორდა აპრილშიც, თუმცა მხოლოდ რამდენიმე საათით.

მადურო და მისი მთავრობის წარმომადგენლები ამაში ტერორისტებს, ოპოზიციას და აშშ-ს ადანაშაულებენ. თავის მხრივ ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს კორუფციის შედეგია.

ვენესუელა ელექტროენერგიას ნავთობის ნაცვლად ძირითადად ჰიდროელექტროსადგურებიდან იღებს, თუმცა მათ უმეტესობას რენოვაცია სჭირდება და ინვესტიციის არარასებობის გამო ელექტროენერგიის შეზღუდვა ბოლო წლებში ხშირი მოვლენაა.

ნიკოლას მადურო არ აღიარებს, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისია და დახმარების მიწოდებას აშშ-ის მიერ ორკესტრირებულ შოუს უწოდებს.

"ჩვენ არ ვაქცევთ ღირსეულ ვენესუელას მათხოვარ ვენესუელად." თქვა მან.

მადურომ თქვა, რომ ვენესუელა ჰუმანიტარულ დახმარებას სხვა ქვეყნებისგან იღებს, მათ შორის რუსეთისგან, თუმცა განმარტა, რომ ეს დონაცია არაა და ამ "დახმარებისათვის" ვენესუელამ გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

კომენტარები