რუსთავი 2-ის საქმე

პრეზიდენტი: სტრასბურგმა აღიარა საქართველოს სასამართლოს მიუკერძოებლობა

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით,  სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ, "ესე იგი ევროპამ, საქართველოსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო". სალომე ზურაბიშვილის აზრით, ევროსასამართლომ ამ გადაწყვეტილებით აღიარა საქართველოს სასამართლოს მიუკერძოებლობა და მისი გადაწყვეტილებების სამართლიანობა.

"ამით ნდობა გამოუცხადა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემას. ეს ნდობა ძლიერ საფუძველს უქმნის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის წამოწყებას და შესაბამისად, ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებას. მიღებული გადაწყვეტილებებით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ პრინციპს, რომელზეც დგას დემოკრატია და ევროპა: კერძო საკუთრებისა და ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობას. როგორც კონსტიტუციით ამ უფლებების დამცველი, მე სრულიად ვიზიარებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სულისკვეთებას და ამ პრინციპების გატარების აუცილებლობას. ასევე მჯერა, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ერთერთ მთავარ დემოკრატიულ პრინციპს, საფრთხე არ დაემუქრება" - აცხადებს პრეზიდენტი.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა.

იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ასევე, დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და დანიშნა პაატა სალია.

კომენტარები