აქცია პარლამენტთან

პროპუტინისტური ძალები ანტისაოკუპაციო აქციაზე ჩართულ ხმამაღალ მუსიკას აპროტესტებენ

ტაბულა

პროპუტინისტური ძალები ანტისაოკუპაციო აქციაზე ჩართულ ხმამაღალ მუსიკას აპროტესტებენ. დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ღამის 12 საათის შემდეგ ხმაური აღარ შეიძლება. ის პოლიციას მიმართავს, აუკრძალოს "სირცხვილიას" მონაწილეებს მუსიკის ჩართვა. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები რამდენიმე საათია, მუსიკას უსმენენ და ცეკვავენ.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა კვლავ დაიკავეს გზის სავალი ნაწილი. ისინი სამართალდამცველებს პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ - პოლიციამ მათ ავტობუსების გაყვანას და კორდონის გახსნას დაპირდა. შეთანხმების მიხედვით, სირცხვილიას მონაწილეებს პარლამენტის წინ უნდა გადაენაცვლებინათ.

რუსთაველის გამზირი ამ დრომდე გადაკეტილია. პრორუსულ და ანტისაოკუპაციო აქციებს კვლავ პოლიციის კორდონი ჰყოფთ.

20 ივნისის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან ყოველდღე იკრიბებიან და შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ. 8 ივლისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პრორუსულმა, ძალადობრივმა დაჯგუფებებმა დილიდან დაიკავეს და განაცხადეს, რომ მოქალაქეებს ანტისაოკუპაციო აქციების ჩატარების საშუალებას აღარ მისცემდნენ.

კრემლისგან მართული ძალების მობილიზების მიუხედავად, პროტესტის მე-19 დღეს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მაინც დაიგეგმა. აქტივისტები პუშკინის სკვერთან შეიკრიბნენ და ამის შემდეგ წავიდნენ რუსთაველის გამზირისკენ. პოლიციამ მათ უთხრა, რომ "მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე", პარლამენტთან აქციას ვერ ჩაატარებდნენ. ამის შემდეგ, თითქმის რვა საათია, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები გიროგი გახარიას გადადგომას მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან ითხოვენ, ისინი დაშლას იქამდე არ აპირებენ, სანამ პარლამენტთან არ გადაინაცვლებენ და თავიანთ სცენას არ დაიკავებენ.

კომენტარები