აქცია პარლამენტთან

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა - პროპუტინისტურმა ძალებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს

რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა. პროპუტინისტური ძალები პოლიციის კორდონის გარღვევას და ანტისაოკუპაციო აქციის იმ ორგანიზატორებთან მისვლას ცდილობდნენ, რომლებიც რამდენიმე საათია, პარლამენტის წინ სცენას იცავენ. ძალადობრივ დაჯგუფებებს მშვიდობიანი აქტივისტების სცენიდან გაძევება სურდათ.

"ჯგუფური ძალადობაა პარლამენტთან, მოძალადეები ცდილობენ დაერიონ სცენაზე მყოფ რამდენიმე ადამიანს ანტისაოკუპაციო აქციიდან. იმოქმედოს პოლიციამ! გაიყვანეთ მოძალადეები" - წერია "სირცხვილიას" საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებაში.

პროპუტინისტური ძალების გაღიზიანება იმანაც გამოიწვია, რომ "სირცხვილიას" წევრები რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან მუსიკას უსმენენ და ცეკვავენ. 

"როდემდე უნდა ვუსმინოთ პინქ ფლოიდებს და რაღაცეებს" - თქვა პრორუსული აქციის ერთერთმა მონაწილემ.

ამ დროისთვის, ინციდენტი აღმოფხვრილია და აქციებზე სიმშვიდეა. ქართული მარშის ერთერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის თქმით, მან არ იცის, რა მოხდა - "ახალგაზრდები არიან, 4 000 ადამიანია". 

ინციდენტამდე, ძალადობრივმა დაჯგუფებებმა პოლიციას ერთი საათი მისცეს, რომ ანტისაოკუპაციო აქცია დაეშალათ. 

კომენტარები