საქართველოს რკინიგზა

მატარებლებში მგზავრებს რუსულად აღარ მიმართავენ, ცვლილება გავრილოვის ვიზიტს არ უკავშირდება

batumelebi.netgazeti.ge

საქართველოს მატარებლებში მგზავრებს ინფორმაციის მიწოდების სტანდარტი შეიცვალა და არსებულ სამენოვან მიმართვას - ქართულს, ინგლისურსა და რუსულს რუსული გამოაკლდა.

ტაბულას საქართველოს რკინიგზაში უთხრეს, რომ ცვლილება დაახლოებით 5 თვის წინ მოხდა და ანტისაოკუპაციო აქციებს ან რუსეთის დუმის დეპუტატ გავრილოვის ვიზიტს არ უკავშირდება. მათი განმარტებით, ცვლილების მიზანი სერვისის გაუმჯობესებაა.

"იმის გამო, რომ ტექსტი იყო ძალიან დიდი ამ სამ ენაზე და სერვისის გაუმჯობესებისთვის ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებას, ჩავთვალეთ, რომ ტექსტის სამჯერ, სხვადასხვა ენაზე გამოცხადება იყო ზედმეტი. მიგვაჩნია, რომ ორი ენა - ერთი სახელმწიფო ენა და მეორე საერთაშორისოდ აღიარებული ენა - ინგლისური, არის სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ მგზავრს მივაწოდოთ ინფორმაცია. მიზეზი მხოლოდ ეს არის, სხვა არაფერს უკავშირდება, 5 თვის წინ ჩვენ პროგნოზირებას ვერ მოვახდენდით რა ამბები მოხდებოდა", - ამბობენ რკინიგზაში.

საქართველოს მატარებლებში მგზავრობის დაწყებამდე მომხმარებელს ესალმებიან, პერიოდულად აწვდიან ინფორმაციას სხვადასხვა სადგურის შესახებ და მგზავრობის დასასრულს, ემშვიდობებიან. სწორედ ეს მიმართვები არის უკვე ორენოვანი.

კომენტარები