საქართველოს რკინიგზაში ეხმიანებიან გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ალექსეი ოვერჩუკის თქმით, რუსეთი საქართველოსთან ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს.
მათი განმარტებით, საქართველოს რკინიგზაში რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არაა.
"მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, რუსული მხარე საქართველოსთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს, განვმარტავთ, რომ "საქართველოს რკინიგზაში" რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში." - წერია განცხადებაში.





