ტურიზმი

კანდელაკი მთავრობას: აღარ გააჭიანუროთ Ryanair-თან ხელშეკრულების გაფორმება

ევროპული საქართველო მთავრობას მოუწოდებს, აღარ გააჭიანუროს ავიაკომპანია ryanair-თან ხელშეკრულების გაფორმება და ქუთაისის აეროპორტი დაგეგმილ სიმძლავრეზე გაიყვანოს. გიორგი კანდელაკმა დღევანდელ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირლანდიურ დაბალბიუჯეტურ კომპანიას ქუთაისიდან ფრენები 2013 წელს უნდა დაეწყო. 

"ცხადია, რუსი ტურისტებიც უნდა შემოდიოდნენ, ვაჭრობაც უნდა იყოს რუსეთთან, მაგრამ არ შეიძლება მხოლოდ ამის იმედი გვქონდეს და მთავრობა ამბობდეს, რომ ეს გადაგვარჩენს. ევროპელი ტურისტები, მაგალითად, გერმანელები ბევრად მეტს ხარჯავენ, ვიდრე რუსი ტურისტები. ჩვენ გვინდა, მოვუწოდოთ მთავრობას, აღარ გააჭიანუროს დაბალბიუჯეტიან კომპანია ryanair-თან კონტრაქტის ხელმოწერა, მოაწეროს ხელი ამ კონტრაქტს და გაიყვანოს ქუთაისის აეროპორტი დაგეგმილ სიმძლავრეზე, დაგეგმილ მგზავრთა ნაკადზე. Ryanair-ს უნდა დაეწყო ფრენა ქუთაისში 2013 წელს და დღეს ცხადია, ბევრად უფრო დიდი შემოსავალი იქნებოდა საქართველოში. Ryanair-ს შეუძლია, საქართველოში მილიონი პირობითი "გერმანელი" ჩამოიყვანოს, რომლებიც რუსებზე ბევრად მეტ ფულს ხარჯავენ. ცხადია, მათ სხვა მოთხოვნები აქვთ, მაგრამ მოთხოვნა წარმოშობს მიწოდებას და ჩვენი ტურისტული სექტორი, დარწმუნებული ვარ, სწრაფად მოერგება მათ მოთხოვნებს" - თქვა კანდელაკმა და იქვე აღნიშნა, რომ ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოებას აქვს ერთწლიანი ჩამორჩენა.

"ერთი წლით ჩამორჩება მშენებლობა გრაფიკს, რის გამოც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, Wizzair-ი არ ამატებს რეისებს იმ ინტენსივობით, რაც მას სურს. გარდა ამისა, ევროპული საქართველო აპირებს, წინადადების პაკეტით გამოსვლას ეკონომიკაში, ანუ, ეკონომიკური თემებით "შეტევას" ქართული ოცნების წინააღმდეგ და ყოველგვარი მცდელობა მათი მხრიდან, რომ ხალხს დააბრალოს მათი შეცდომებით გამოწვეული სიდუხჭირე, ფასების ზრდა და ამ შემთხვევაში, ტურიზმიდან შემოსავლებში სიძნელეები, ჩავარდნები - ეს, რა თქმა. უნდა, ქართულ ოცნებას არ გამოუვა” - ამბობს გიორგი კანდელაკი.

რამდენიმე დღის წინ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ დიდი ალბათობით, Ryanair-ი საქართველოდან ფრენებს 2020 წლიდან დაიწყებს. 

"ამისთვის, ჩვენ 2019 წლის ბოლომდე ინტენსიურად უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები. ჩვენ მივიღეთ პირველი შემოთავაზება, გავაანალიზეთ, იყო გარკვეული ფრენები, რომლებიც ემთხვეოდა არსებულ ფრენებს და ჩვენი ამოცანა არის, რომ უფრო აქცენტი გავაკეთოთ ახალ ფრენებზე, საიდანაც ჩვენ მეტი ახალი ტურისტი შემოგვივა." - აღნიშნა თურნავამ.

ერთი თვის წინ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან ხელშეკრულება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაფორმდება. მისი ინფორმაციით, "მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ რეისები შესრულდეს როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო მიმართულებებზე“.

Ryanair-თან ახალი მოლაპარაკებების შესახებ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია წლის დასაწყისში საუბრობდა. მისი თქმით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია პირდაპირ მიმართულებებს დაამატებდა. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობდა, რომ 2013 წელს, Ryanair-თან კონტრაქტის გაფორმება "არამიზნობრივი" და "არახელსაყრელი" იყო.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენები აკრძალა, ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ლარის მკვეთრ გაუფასურებას ტურისტების შემცირების მოლოდინებს უკავშირებენ. 

კომენტარები