საარჩევნო სისტემა

ძიძიგური: ყველა პარტია, რომელიც ამომრჩევლის გულამდე მიიტანს სათქმელს, შეიყვანს დეპუტატს

ტაბულა

"ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს ეს ინიციატივა" - ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი, ქართული ოცნების დეპუტატი ზვიად ძიძიგური საარჩევნო სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. "პროპორციული არჩევნები 2020"-ის პრეზენტაციამდე ძიძიგურმა თქვა, რომ "დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ კანონს, რომელიც ყველას მოეწონება, ამაზე შემიძლია თავი დავდო". 

რაც შეეხება ნულოვან ბარიერს, ზვიად ძიძიგურს უკვირს, რატომ ეწინააღმდეგება პოლიტიკური პარტიების ნაწილი ამ ცვლილებას.

"თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია 20%-ის აღების შემთხვევაში იღებდა 15 მანდატს, ახლა აიღებს 30 მანდატს და რატომ მისდევენ ეს პარტიები სხვა პარტიებს, 1-2 მანდატი აიღო თუ არა და რატომ არიან წინაააღმდეგები პოლიტიკური ველის დივერსიფიცირების? ეს არის ძალიან კარგი დემოკრატიული პროცესი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ პარტიების გასაძლიერებლად, რომელსაც ჩვენ პატარა პარტიებს ვეძახით" - ამბობს ძიძიგური.

ვიცესპიკერს ასევე არ ესმის, რატომ აპროტესტებენ ბლოკების გაუქმებას მაშინ, როცა, "11 000 ხმის აღების შემთხვევაში შეგიძლია დეპუტატის პარლამენტში შეყვანა".

"კიდევ ბლოკს ითხოვს? ვერ გავიგე. ანუ ერთი 6 000-ს იღებს, მეორე 5000-ს და ერთიანდებიან? ასეთ რამეზე ვლაპარაკობთ? ჩვენ 5%-იანი ბარიერი 3% იანამდე ჩამოვიტანეთ, იგივე პოლიტიკური პარტიების მოთხოვნით, რომლებიც ახლა საერთოდ, 5%-იანი ბარიერის მომხრეები არიან. როგორ შეიცვლება პოლიტიკური ვითარება, იმის მიხედვით პარტიებს გემოვნებები, მადები და ტემპერამენტები ეცვლებათ და ამის მიხედვით კონსტიტუციას ვერ გადავწერთ" - თქვა ძიძიგურმა.

ქართული ოცნების დეპუტატის აზრითვე, პატარა პარტიებთან "ვაჭრობა და მოლაპარაკება" არ იქნება საჭირო.

"სწორედ ამაშია საქმე, რომ არავისთან ვაჭრობა და მოლაპარაკება საჭირო არ იქნება, ყველა პარტია, რომელსაც ან თავმოყვარეობა აქვს ან ლიდერი ჰყავს ისეთი, რომელსაც შეუძლია ამომრჩევლის ყურამდე და გულამდე მიიტანოს თავისი სათქმელი, ყველა პარტია შეიყვანს თავის წარმომადგენელს, ამიტომ, რაში სჭირდება ვინმესთან მოლაპარაკება ხელისუფლებას?

12 000 ხმის შემთხვევაში პარტიას უკვე შეუძლია შეიყვანოს თავისი წარმომადგენელი პარლამენტში, რა საჭიროა ყიდვა, გადაბირება ან მოსყიდვა. ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც შეუძლია გამართულად საუბარი და ამომრჩეველთან თავისი მესიჯების მიტანა, აქვს შესაძლებლობა, რომ გადალახოს ეს 0.67%-იანი ბარიერი და შევიდეს პარლამენტში, ამიტომ სრულიად მოკლებულია საფუძველს ასეთი ტიპის ეჭვები, ბიძინა ივანიშვილმა რაც არ უნდა გააკეთოს, ოპოზიცია ყველაფრის წინააღმდეგი რომ იქნება, ეს პირველი არ არის და ჩვენ ეს გვესმის" - თქვა ძიძიგურმა და ოპოზიციას მოუწოდა, საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობა მიიღოს.

საარჩევნო ცვლილებების პრეზენტაცია სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში ამ დრომდე გრძელდება. პრეზენტაციას ესწრებიან პარლამენტის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე, ასევე ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე.  პრეზენტაციას ასევე ესწრებიან ქართული ოცნების დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი.

საარჩევნო ცვლილებებზე პრეზენტაცია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა, კითხვებსაც ის პასუხობს. 

ღონისძებას არ ესწრება ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, მათ შორის  "გაერთიანებული ოპოზიცია”, “ევროპული საქართველო”, “თავისუფალი დემოკრატები” და “რესპუბლიკური პარტია.” პრეზენტაციას ესწრებიან პოლიტიკური გაერთიანება გირჩის წარმომადგენლები.

რამდენიმე დღის წინ ტაბულას ინფორმირებულმა წყარომ კანონპროექტი მიაწოდა, სადაც გაწერილია თუ როგორ პროპორციული საარჩევნო სისტემას გვთავაზობს ქართული ოცნება. 

როგორც კანონპროექტში წერია, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე იმისათვის, რომ დადგინდეს თუ რომელმა პარტიამ რამდენი მანდატი მიიღო, თითოეული პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე. 

20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ რუთაველის გამზირზე დაწყებული აქციების ერთერთი მთავარი მოთხოვნა, სხვა მოთხოვნებთან ერთად, საარჩევნო სისტემის ცვლილება იყო. 4 დღიანი პროტესტის შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები მაჟორიტარულის ნაცვლად პროპორციული სისტემით ჩატარდება. 

ოპოზიცია დიდი ხანია ითხოვდა დაარჩევნო სისტემის შეცვლას, თუმცა ხელისუფლებას პროპორციულზე გადასვლა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჰქონდა დაგეგმილი. 

აღსანიშნიავია, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნებში არ ყოფილა პროპორციული არჩევნების 0 პროცენტიანი ბარიერით ჩატარება, თუმცა ქართული ოცნების შემოთავაზებული ვერსიით საარჩევნო ბარიერი 0% იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიას, დაახლოებით, 12 000-დან 15 000-მდე ამომრჩევლის ხმა სჭირდება იმისთვის, რომ პარლამენტში 1 ადგილის მოპოვება მაინც შეძლოს. ოცნების პროექტის მიხედვით, ასევე გათვალისწინებულია ბლოკების აკრძალვა. 

კომენტარები