თავისუფლების მარში

დღის ფოტო: მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი თავისუფლების მარშზე

ანიტა რაჭველიშვილი თავისუფლების მარშზე
ტაბულა

თავისუფლების მარში - სირცხვილია 10.0 - საპროტესტო აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გაემართნენ, რის შემდეგაც აქცია პარლამენტთან გაგრძელდა. 

რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანია შეკრებილი, მათ შორის საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი.

აქციის მონაწილეები 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენების გამო შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. 

პროტესტის დაწყებისას მათ სამი მოთხოვნა ჰქონდათ: პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წელს, 20 ივნისის ღამეს ყველა დაპატიმრებული მოქალაქის გათავისუფლება და გახარიას გადადგომა. შეუსრულებელი მხოლოდ ეს უკანასკნელია. 

მმართველი გუნდის წევრები, ისევე როგორც გიორგი გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისი გადაგომის საჭიროება არ დგას. 

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი.

უკვე 10 დღეა, რაც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი აქციას მართავს. მომიტინგეთა 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან ორი შესრულებულია - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს და "გავრილოვის ღამეს" დაკავებული ადამიანები მე-7 დღეს გაათავისუფლეს. დანარჩენი ერთი მოთხოვნა - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია. 

კომენტარები