თავისუფლების მარში

გაბუნია: ეჭვი არ მეპარება ახალგაზრდების გულწრფელობაში; გახარიას კრიტიკას საფუძველი არ აქვს

ქართული ოცნება

ქართული ოცნების წევრის, ზაზა გაბუნიას თქმით, იმ ადამიანების გულწრფელობაში, რომლებიც უკვე მე-10 დღეა, საპროტესტო აქციებს მართავენ, ეჭვი არ ეპარება, თუმცა, გიორგი გახარია თანამდებობიდან მაინც არ გადადგება. 

"მე ეჭვი არ მეპარება იმ ახალგაზრდების პროტესტის გულწრფელობაში, რომლებიც უკვე მე-9 თუ მე-10 დღეა, რუსთაველის გამზირზე აპროტესტებენ და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას და პროტესტს. მე აბსოლუტურად მესმის მათი გულწრფელობისა, თუმცა, საფუძველი ამ კრიტიკის ამ მოთხოვნების, სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, მით უმეტეს, როცა მინისტრი საუბრობს იმაზე, რომ ის არის მზად, აიღოს პასუხისმგებლობა ამ საკითხზე, მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დასრულდება გამოძიება, ეს არის ძალიან ადეკვატური განცხადება,“ - თქვა ზაზა გაბუნიამ.

20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, უკვე მე-10 დღეა, მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავენ. მათი სამი მოთხოვნიდან 2-ის შესრულების პირობა გაცემულია. შეუსრულებელი რჩება ერთი - გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა. 

მმართველი გუნდის წევრები, ისევე როგორც გიორგი გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისი გადაგომის საჭიროება არ დგას. 

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი.

უკვე 10 დღეა, რაც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი აქციას მართავს. მომიტინგეთა 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან ორი შესრულებულია - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს და "გავრილოვის ღამეს" დაკავებული ადამიანები მე-7 დღეს გაათავისუფლეს. დანარჩენი ერთი მოთხოვნა - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია. 

კომენტარები