21 ივნისს ბათუმში ალექსანდრე თევზაძე ბათუმის მერიის ერთერთი შპს-ის ხელმძღვანელმა, კახა მიქელაძემ, და კიდევ ერთმა პირმა მანქანაში ჩაისვეს, სადაც ალექსანდრე თევზაძის თქმით, მას მიქელაძე ფიზიკურად გაუსწორდა, მძღოლმა, ირაკლი აბუსერიძემ, კი თავისა და ხელის არეში დიდი ზომის დანით ჭრილობა მიაყენა.
ორივე მათგანი, პროკურატურის მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე თევზაძე ტაბულასთან საუბარში ყვება, რომ კონფლიქტი მასსა და კახა მიქელაძეს შორის Facebook-ზე დაწერილმა კომენტარმა გამოიწვია, რომელიც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, საქართველოში შემოყვანას ეხებოდა.
თევზაძემ მიქელაძის პოსტზე დაწერა:
"თავს ვიკავებდი, კახა, და ახლა გეტყვი, რადგან კიდევ ვერ გაგიგია. შენ არ იყავი ჩემთან თანდასწრებით, ვინც ქიმიურ ტერმინალს აპროტესტებს, რუსეთის ინტერესებს იცავსო და მოღალატედ შემრაცხეთ! ახლა კიდევ ამ ამბის მერე, იქნებ მიპასუხო შენ და შენმა გუნდმა, გავრილოვის ჩამომყვანი ვის ინტერესებს იცავს? მიპასუხე. გინდა აქ, გინდა ქუჩაში და მეც გაგცემ პასუხს, გინდა აქ, გინდა ქუჩაში".
ალექსანდრე თევზაძე ყვება, რომ ამის შემდეგ ცოტა ხანში, დაახლოებით დღის 15:00 საათზე, როდესაც ის ევროპის მოედანზე გავრილოვის ღამეს აპროტესტებდა, მან კახა მიქელაძისგან მობილურზე SMS მიიღო, სადაც მიქელაძე მას შეხვედრას სთხოვდა.
"მკითხა, სად ვიმყოფებოდი. მომაკითხა ორმა ადამიანმა, მათ შორის კახა მიქელაძემ. ჩამსვეს მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით წავედით. კითხვაზე, თუ სად მივდიოდით, მიპასუხეს, რომ არის სპეციალური ადგილები, სადაც ჩემნაირები მიჰყავთ და იქ მივდიოდით. ჩემთვის გასაგები გახდა, რომ ეს იყო გატაცების მცდელობა,"- ყვება თევზაძე.
თევზაძე იხსენებს, რომ მას მიქელაძე მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო მას შემდეგ, რაც წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მძღოლმა, ირაკლი აბუსერიძემ, მანქანა გააჩერა და სამივე მათგანი მანქანიდან გადმოვიდა.
"მანქანა რომ გაჩერდა, გადმოვედი და ხელჩართული ბრძოლა გაგრძელდა. მძღოლმა საკმაოდ დიდი დანით თავის არეში ჭრილობა მომაყენა. კიდევ ერთი ჭრილობა თითის არეში მივიღე, როცა დანის მოგერიებას ვცდილობდი. ჩემი წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ისინი გამერიდნენ, მანქანაში ჩასხდნენ და დანაშაულის ადგილი დატოვეს,"- ყვება თევზაძე.
ალექსანდრე თევზაძე ტაბულასთან ამბობს, რომ ფიზიკური ზეწოლის ყველა ფაქტი ვიდეოზეა აღბეჭდილი, რომელიც მან საგამოძიებო უწყებებს გადასცა.
"ყველაფერი გადაღებულია და საგამოძიებო სტრუქტურაში დევს ძალიან ნათლად ყველა მომენტი, გარდა ჩემი მანქანაში ჩაჯდომისა ერას მოედანზე, მონდომების შემთხვევაში იმასაც ამოიღებდნენ იმიტომ, რომ ერას მოედანზე, მე ვფიქრობ, რომ ბლომად უნდა იყოს კამერები,"- ამბობს თევზაძე.
ალექსანდრე თევზაძეს მსუბუქი ტვინის შერყევა და დაბეჟილობა აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე კახა მიქელაძე და ირაკლი აბუსერიძე 24 ივნისს დააკავა. უწყებამ მათ მიმართ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით პროკურატურამ ბრალდება გადააკვალიფიცირა და კახა მიქელაძის მიმართ საქმე 126-ე, ფიზიკური ძალადობის მუხლით აღიძრა, ხოლო აბუსერიძის მიმართ კი - 120-ე, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.
ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან 26 ივნისს პროკურორის, თორნიკე გოგეშვილის, მოთხოვნით გაათავისუფლეს. კახა მიქელაძეს 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ხოლო ირაკლი აბუსერიძეს - 5 000-ლარიანი.
"ბათუმელების" ინფორმაციით, საქმის მოსამართლე ივლიტა ფორჩხიძემ პროცესზე აღნიშნა, რომ პროკურატურისგან მსგავსი დამოკიდებულება არ ახსოვს. მისი თქმით, ძალადობის მუხლებზე პროკურატურა ყოველთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების - პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. მან პროკურატურის შუამდგომლობას "შეღავათიანი" უწოდა.
კახა მიქელაძე ბათუმის მერიის შპს "ქვიშის ფეხბურთის განვითარების" ხელმძღვანელია. ის 2004 წლის მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იყო, თუმცა მას ეს თანამდებობა დაატოვებინეს. 2009 წელს ის სოდ-მა ნარკოტიკის მოხმარების ბრალდებით დააკავა. 2012 წელს კი მას საყოველთაო ამნისტია შეეხო. ახლა კახა მიქელაძე მმართველი გუნდის აქტიური და ღია მხარდამჭერია, რაც მისი Facebook პოსტებითაც დასტურდება.
ალექსანდრე თევზაძე Facebook-ზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ ამის შემდეგ ის საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.
"მე ვთვლი, რომ ჩემი საქართველოში ყოფნა საფრთხის შემცველია. მიუხედავად ამისა, მე ვაგრძელებ ბრძოლას. იმედია, მტკიცებულებებს არ გაანადგურებენ,"- წერს თევზაძე.