ბათუმის მერია

GMC: ბათუმის მერიამ ანტივაქსერ ირაკლი ფირცხალავას კონცერტში 14 100 ლარი გადაუხადა

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, ბათუმის მერია 20 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უწყვეტ საახალწლო კონცერტებს მართავს, მათ შორის არის რუსეთში მცხოვრები მომღერლის, ირაკლი ფირცხალავას კონცერტი, რომელსაც ყველაზე დიდი ჰონორარი - 14 100 ლარი გადაუხადეს.

ორგანიზაცია წერს, რომ მერია საახალწლო ღონისძებებში ჯამში 328 035 ლარს ხარჯავს, რაშიც 20 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე კონცერტები და 31 დეკემბრის "გალა კონცერტი" შედის.

"328 035 ლარი ჯამური თანხაა, საიდანაც 222 760 ლარი უშუალოდ ღონისძიებების საორგანიზაციო სამუშაოებს მოხმარდება, ჰონორარების წილი კი 105 275 ლარია.

ბათუმის მერია 20 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე ევროპის მოედანზე უწყვეტად კონცერტებს მართავს, ამასთან ერთად ტარდება ცეცხლოვანი შოუ, ილუზიონისტების, აკრობატებისა და ჯამბაზების წარმოდგენები, 31 დეკემბერს კი დაგეგმილია გალა კონცერტი და ქალაქის 10 წერტილიდან ფოიერვერკების გაშვება", - ავრცელებს ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი.

მათივე ცნობით, 20 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე ევროპის მოედანზე კონცერტებს მთლიანობაში 39 შემსრულებელი მართავს, ჯამში ისინი ჰონორარის სახით 54,775 ლარს იღებენ, ყველაზე მეტს - 14 100 ლარს კი, ირაკლი ფირცხალავა.

"ირაკლი ფირცხალავა რუსეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის მომღერალია, რომელიც საქართველოში ბოლო დროს გამოჩნდა და თავი ანტივაქსერული შინაარსის აქციის ავანგარდში ყოფნით დაგვამახსოვრა.

5 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც საქართველოში არსებული მწვანე პასპორტების სისტემის წინააღმდეგ გამოთქვამდნენ პროტესტს, შეკრებაზე ასევე ისმოდა მწვავედ ანტივაქსერული მოწოდებები. Სწორედ, ამ აქციის წინა რიგებში იდგა ირაკლი ფირცხალავა", - წერს ორგანიზაცია.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, "Საახალწლო ღონისძიებებს ორგანიზებას უწევს ბათუმის მერიის არასამეწარმეო იურიდიული პირი - ა(ა)იპ ბათუმის კულტურის ცენტრი, რომელიც თავის მხრივ 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით მუნიციპალური ბიუჯეტიდან 3,645,300 მილიონ ლარს მიიღებენ, აქედან კი, შრომის ანაზღაურებებისთვის გამოყოფილი 2,393,700 ლარია გამოყოფილი".

კომენტარები