აქცია პარლამენტთან

შაბათს, 19:00-ზე, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ თავისუფლების მარში მოეწყობა

ტაბულა

იმ შემთხვევაში, თუ შს მინისტრი პოსტს სამუშაო კვირის ბოლომდე არ დატოვებს, შაბათს, 19:00-ზე რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა მოეწყობა. ეს იქნება დემონსტრაციების მე-10 დღე.

"თავისუფლების მარში თავისუფლების მოედნამდე" - თქვეს აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის წინ მიმდინარე დემონსტრაციაზე და ყველას მოუწოდეს, მსვლელობას შეუერთდეს. 

მეშვიდე დღეა, რუსთაველის გამზირი ყოველ საღამოს იკეტება. ჯერ კიდევ სამი დღის წინ, დემონსტრანტებს ოთხი მოთხოვნა ჰქონდათ - მომდევნო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, გათავისუფლდეს აქციაზე ყველა დაკავებული, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია და დაისაჯონ ის სამართალდამცველები, რომლებმაც აქციის დარბევისას ძალას გადაამეტეს.

24 ივნისს ქართულმა ოცნებამ შეასრულა აქციის მონაწილეების მოთხოვნა და საზოგადოებას დაპირდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს და 2020 წლის არჩევნებს პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩაატარებს. ასევე, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა 10 სამართალდამცველს, ხოლო ორის ქმედებებში - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა. გარდა ამისა, ბოლო დღეების მანძილზე, სააპელაციო სასამართლო ყოველდღიურად ათავისუფლებდა აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეების მოთხოვნა მხოლოდ შს მინისტრის გადადგომაა.

კომენტარები