ნიკა მელიას საქმე

კახიძე: პროკურატურას თუ აქვს მოტანილი მტკიცებულებები, მოგვეცით დრო მათ გასაცნობად 

მეორე არხი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობს.

საპარლამენტო ოპოზიცია იმ მტკიცებულებების გაცნობას ითხოვს, რომლის საფუძველზეც პროკურატურა პარლამენტს ნიკა მელიასთვის დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემას ითხოვს.

ევროპული საქართველოს წევრი, ოთო კახიზე ამბობს, რომ ნიკა მელიას ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები ოპოზიციას არ აქვს. 

"პატიმრობა სასამართლომ უნდა შეუფარდოს, მაგრამ პარლამენტისგან ითხოვს პროკურატურა თანხმობას. აქ რომ წერია ნიკა მელიას უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით მოქალაქეთა ნაწილმა დაიწყეს სამართალდამცავების მიმართ ძალადობა. თანხმობის მიცემისთვის პარლამენტის წევრებმა უნდა შეაფასონ ნიკა მელიას უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით განახორციელეს თუ არა შეტევა. ამ მასალებში რატომ არ არის მტკიცებულებები?",- ამბობს კახიძე.  

მისი თქმით, პროკურატურის მომართვაში არის მსჯელობა მელიას ბრალზე და არსად არ არის ამ ბრალთან დაკავშირებული მასალები.

"კომიტეტების თავმჯდომარეებს მოგმართავთ, აქ პარლამენტის წევრები ხელის ასაწევად გყავთ მოყვანილი დარბაზში? თუ რატომ არ მოითხოვეთ მომართვასთან ერთად პროკურატურისგან მტკიცებულებები? საკითხს ვაყენებ, პროკურატურას თუ აქვს მასალები და მტკიცებულებები მოტანილი, აქ დამსწრე პარლამენტის ყველა წევრზე გამრავლდეს და მოგვეცეს დრო მათ გასაცნობად. საკითხზე ვითხოვ კენჭისყრას",- აღნიშნავს კახიძე.

საქართველოს მთავარ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიას დაკავება სურს. საგამოძიებო უწყება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

თუმცა, ნიკა მელიას პარლამენტის წევრის იმუნიტეტი იცავს და იმისთვის, რომ პროკურატურამ მისი დაკავება ან ჩხრეკა შეძლოს, დეპუტატის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

სწორედ ამ მოთხოვნით მიმართა საგამოძიებო უწყებამ საკანონმდებლო ორგანოს 25 ივნისს. 26 ივნისს, დილიდან კი ნიკა მელიას კოლეგები გადაწყვეტენ მისცენ თუ არა თანხმობა პროკურატურას დეპუტატის დაკავებაზე.

​პროცედურა შემდეგია: თავდაპირველად იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება, რომელიც 09:00 საათზეა ჩანიშნული. ამ სხდომაზე პროკურორებმა დეპუტატებს თავიანთი მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა დაუსაბუთონ. კომიტეტზე დასწრების უფლება და განმარტებების შესაძლებლობა აქვს თავად ნიკა მელიასაც.

საკომიტეტო განხილვის შემდეგ, საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც მხარდაჭერისთვის საჭიროა დამსწრეთა უმრავლესობა. სესია პარლამენტში 12:00 საათზეა ჩანიშნული.

თუ დეპუტატები პროკურატურის მოთხოვნას მხარს დაუჭერენ, სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას იმავე დღეს დააკავებენ. ენმ-ს წევრი 26 ივნისს პროკურატურაში დაბარებულიამისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეების ნაწილსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. მათ პარლამენტის შენობაში შესვლა მას შემდეგ სცადეს, რაც ამისკენ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მოუწოდა.

რამდენიმე საათში სპეცრაზმმა აქცია ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა, ხოლო ორი - აქამდე მართვით სუნთქვაზეა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. რამდენიმე დღეა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები" დაინახა.

კომენტარები