რუსეთი-საქართველო

კაპანაძე: არ მგონია, რომ პუტინის გადაწყვეტილებას მყისიერი, ძალიან ნეგატიური ეფექტი ექნება

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 8 ივლისიდან საქართველოსთან ავიამიმოსვლის აიკრძალა. 

კაპანაძე ამბობს, რომ საქართველოს გაცილებით რთული პერიოდი გამოუვლია, როდესაც რუსეთმა ტოტალური ემბარგო მოახდინა. მისივე თქმით, ამან კი არ გაანადგურა ქვეყნის ეკონომიკა, არამედ გააძლიერა. 

სერგი კაპანაძე ვარაუდობს, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოს ეკონომიკაზე მკვეთრი გრძელვადიანი ნეგატიური ეფექტი არ ექნება.

"ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ეკონომიკაზე რაღაც უარყოფითი ეფექტი ექნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მცირევადიანი. საქართველოს გაცილებით რთული პერიოდი გამოუვლია, როდესაც რუსეთის მხრიდან გვინახავს ტოტალური ემბარგო და ამან არათუ გაანადგურა საქართველოს ეკონომიკა, არამედ გააძლიერა საშუალოვადიან პერსპექტივაში. ამიტომ მე არ ვვარაუდობ, რომ რაიმე გრძელვადიანი უარყოფითი შედეგი მოჰყვება ამას, მაგრამ ამაზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი უნდა იყოს ძალიან მარტივი. პირველ რიგში, უნდა იყოს ჩვენი ინტერესების დაცვის მტკიცე გაგრძელება და ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიცირება. ამას ვუკიჟინებთ ხელისუფლებას ბოლო 7 წელია, რომ არ უნდა მიაბას ქართული ეკონომიკა რუსულს, არც ვაჭრობის, არც ტურიზმის და არც სხვა მიმართულებების მხრივ.

გარდა ამისა, მე არ მგონია, რომ პუტინის გადაწყვეტილება რუსეთიდან მომავალ ტურისტებზე 100%-ით აისახოს იმიტომ, რომ არსებობს სხვა გზები, როგორ მოხვდნენ ისინი საქართველოში. მაგალითად, სხვა ქვეყნის გავლით. აქედან გამომდინარე, არ ვვარაუდობ, რომ მყისიერი ან საშუალოვადიანი ძალიან ნეგატიური ეფექტი ექნება ამ გადაწყვეტილებას",- ამბობს კაპანაძე. 

21 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია რა პერიოდს მოიცავს ეს დროებითი ზომა. 

ასევე, პუტინმა ხელისუფლებას დაავალა მიიღონ ზომები საქართველოში დროებით მყოფილი რუსეთის მოქალაქეების და მათი ბარგის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისთვის.

კომენტარები