რუსეთი-საქართველო

ჩიქოვანი: მაქსიმალურად დავიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს და ხალხის ეკონომიკურ კეთილდღეობას

საქართველოს მთავრობა

ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები და მაქსიმალურად დავიცავთ ორივე ლეგიტიმურ ინტერესს - ქვეყნის სუვერენიტეტს და მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებს.

ჩიქოვანის თქმით, რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორც სახელმწიფოთაშორისი, ისე ქვეყნის შიგნით, თანაბრად აზიანებს როგორც ქვეყნის სუვერენიტეტს, ისე მოქალაქეების კეთილდღეობას.

"პასუხისმგებლობის მქონე მთავრობის ყოველდღიური ზრუნვის საგანია სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის დაცვა. უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორც სახელმწიფოთაშორისი, ისე ქვეყნის შიგნით, თანაბრად აზიანებს ორივე ინტერესს.

მიუხედავად ემოციური ფონისა, ჩვენ არ გავხდებით ამ დღის წესრიგის მძევალი, ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები  და მაქსიმალურად დავიცავთ ორივე ლეგიტიმურ ინტერესს - ქვეყნის სუვერენიტეტს და მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას", - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

21 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია რა პერიოდს მოიცავს ეს დროებითი ზომა. 

ასევე, პუტინმა ხელისუფლებას დაავალა მიიღონ ზომები საქართველოში დროებით მყოფილი რუსეთის მოქალაქეების და მათი ბარგის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისთვის.

კომენტარები