შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გიორგი გახარია პარლამენტთან მივიდა და მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"პირველ რიგში, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დგას ახლა ამ მოედანზე და
შეიძლება გამოთქვამს სამართლიან პროტესტს, მოვუწოდებთ, ერთმნიშვნელოვნად დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას. რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი. სხვა ყველაფერს მერე გეტყვით." - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც, რამდენიმე სპეცრაზმელი დაშავდა. აქციის მონაწილეების ნაწილმა მათ ფარები და ჩაფხუტები წაართვა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა. მათ ამისკენ ენმ-ის ერთერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მოუწოდა.
სამართალდამცველები ნიღბებით, ფარებით და ხელკეტებით არიან შეიარაღებულები. მობილიზებულია ტექნიკა. შსს-მ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, დაიცვან კანონი. უწყების განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს.
აქცია პარლამენტთან რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლის გასაპროტესტებლად დაიწყო.





