ნეტგაზეთის ჟურნალიტს, რომელიც კანცელარიასთან მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა, აქციის მონაწილემ ტელეფონი წაართვა და ძირს დაუგდო.
ჟურნალისტ გიორგი დიასამიძის თქმით, პროცესს თვალს ადევნებდა პოლიცია, თუმცა რეაქცია არ ჰქონია.
"პირი, რომელმაც ტელეფონი წაართვა, მანამდე ეკითხებოდა თუ ვინ იყო და რომელ მედიას წარმოადგენდა, რის შემდეგაც ტელეფონი წაართვა" - წერს ნეტგაზეთი.
მომხდარის ამსახველი ვიდეო ლიბერალმა გადაიღო:
მთავრობის კანცელარიის კიბეებთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერთა აქცია გრძელდება. ისინი კონტრაქციის მონაწილეებისგან კვლავ პოლიციის კორდონით არიან გამოყოფილები. ფაშისტური ჯგუფების კონტრაქცია კანცელარიის შენობასთან მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ლგბტ პრაიდის კვირეულის ჩატარება არ დაუშვას. ამის შემდეგ, 19:00-ზე თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა დააანონსეს აქცია "სად ხარ სახელმწიფოვ". ადგილზე მისულ აქტივისტებს კი, კანცელარიასთან ფაშისტური ჯგუფები დახვდათ.
ამის შემდეგ, პოლიციამ თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი "განარიდა" და ტერიტორიიდან ძალით გაიყვანა. სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს და მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერები აღარ შეუშვეს. "უსაფრთხოების მიზნით", LGBT პრაიდის კვირეულის აქტივისტებს კიბეებთან მოუწიათ აქციის ჩატარება.
კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და Tbilisi Pride-ის მხარდამჭერებთან მისვლა სცადეს, რა დროსაც, 4 მათგანი დააკავეს. კონტრაქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლის დარღვევას (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) ედავებიან.





