ლიტვა-რუსეთი

ლიტვამ 1991 წლის საბჭოთა აგრესიის საქმე ხელახლა გახსნა

blokt

ლიტვის პროკურატურა 1991 წლის საბჭოთა აგრესიის "13 იანვრის საქმის" გამოძიებას აგრძელებს.

"საქმის წამყვანი პროკურორის გადაწყვეტილება, რომ 30 აპრილს შეეჩერებინა გამოძიება, უარყვეს უფრო მაღალი რანგის პროკურორებმა," - აღნიშნა საზოგადოებრივ ურთიერთობების სპიკერმა ელენა მარტინონენემ.

სპიკერის თქმით, გამოძიება გაგრძელდება, რადგან ხსენებული საქმის ფარგლებში სხვადასხვა სამართლებრივი პროცედურაა ჩასატარებელი.

კონრეტულად რა პროცედურებზეა საუბარი, ეს არ დაუკონკრეტებიათ.

შეგახსენებთ, რომ 27 მარტს ლიტვის სასამართლომ საბჭოთა კავშირის ბოლო თავდაცვის მინისტრს, დიმიტრი იაზოვს, 10-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

სასამართლომ იაზოვი დამნაშავედ ცნო სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში. იაზოვი ვილნიუსში 1991 წლის იანვარში ტელეცენტრზე მომხდარი თავდასხმის ერთერთი ორგანიზატორი იყო. თავდასხმის დროს  საბჭოთა ჯარებმა ლიტვის დამოუკიდებლობის მომხრე 15 ადამიანი იმსხვერპლეს, 900 კი დაიჭრა. გამოძიება სულ 67 ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

რა მოხდა ლიტვაში 1991 წლის დასაწყისში?

1980-იანი წლების მიწურულს ლიტვის ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელსაც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა სურდა. ლიტვაში, საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებთან შედარებით, ეს მოძრაობა ყველაზე ადრე დაიწყო. უკვე 1989 წლის მაისში ლიტვის უზენაესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიღებული ნებისმიერი სამართლებრივი აქტი ლიტვაში მხოლოდ მას შემდეგ შევიდოდა ძალაში, რაც მას ადგილობრივი პარლამენტი განიხილავდა. 1990 წლის 11 მარტს ხელახლა არჩეულმა უზენაესმა საბჭომ მიიღო სპეციალური აქტი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ, რომლის თანახმადაც, 1940 წელს განხორციელებული საბჭოთა ოკუპაცია უკანონოდ გამოცხადდა და თანამედროვე ლიტვამ 1920-30 წლებში არსებული სახელმწიფოს სამართალმემკვიდრედ გამოაცხადა თავი.

არც საბჭოთა ხელმძღვანელობამ და არც საერთაშორისო საზოგადოებამ მაშინ ლიტვის დამოუკიდებლობა არ ცნო. მოსკოვმა უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რესპუბლიკის ეკონომიკური ბლოკადით უპასუხა. ლიტვაში ფასები მკვეთრად გაიზარდა და ბევრი პროდუქტი დეფიციტში შევიდა. 1990 წლის ივლისში მოსკოვსა და ვილნიუსს შორის მოლაპარაკებები შედგა, რომლის მიხედვითაც, ლიტვამ სამართლებრივი აქტი დროებით შეაჩერა, ხოლო მოსკოვმა, თავის მხრივ, რესპუბლიკას ეკონომიკური ბლოკადა მოუხსნა. თუმცა, წლის მიწურულს მოლაპარაკებები ჩავარდა და ლიტვამ აქტი ხელახლა ქმედითად გამოაცხადა.

რამდენიმე დღის შემდეგ, 1991 წლის იანვრის დასაწყისში ლიტვის ხელისუფლებამ იმედი ჰქონდა, რომ პროდუქტიულ დეფიციტს გაუმკლავდებოდნენ. ამის შემდეგ პროსაბჭოთა ძალები მიტინგზე გავიდნენ და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს. მიტინგის მონაწილეების უმეტესობა რუსები, კომპარტიის აქტივისტები და საბჭოთა კავშირს დაქვემდებარებული მსხვილი უწყებების თანამშრომლები იყვნენ.

11 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც გორბაჩოვმა ყველა "ანტიკონსტიტუციური აქტის" გაუქმება მოითხოვა, საბჭოთა კავშირის ჯარის ნაწილებმა ლიტვის სახელისუფლებო შენობის დაკავება დაიწყეს.

მაშინ ადგილობრივი კომპარტიის ხელმძღვანელებმა "ეროვნული გადარჩენის კომიტეტი" შექმნეს, რომელსაც უზენაესი საბჭო უნდა შეეცვალა. ლიტვის მაშინდელი ხელისუფლება მოსკოვის მხრიდან მსგავსი ქმედებებისთვის მზად არ იყო.

13 იანვრის ღამით სამხედროები ვილნიუსის ტელეცენტრის შტურმით აღებას შეეცადნენ, რომელსაც დამოუკიდებლობის მომხრეები იცავდნენ. 14 ადამიანი ამ შეტაკებას ემსხვერპლა, კიდევ ერთი ინფარქტით გარდაიცვალა, ხოლო 900-მდე ადამიანი დაიჭრა. ლიტვის ისტორიაში ეს მოვლენა "სისხლიან კვირად" შევიდა. საბჭოთა ხელისუფლებამ ვერ შეძლო წინააღმდეგობის გადალახვა. ითვლება, რომ ვილნიუსში ადამიანების სიკვდილმა გორბაჩოვის ავტორიტეტს მძიმედ დაარტყა ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში. გაზეთ "Московские новости"-ის რედაქციამ მთელი შემადგენლობით დატოვა კომპარტია და ლიტვის მოვლენებს "რეჟიმის დანაშაული" უწოდა.

კომენტარები