ნანა კოსტავა

კილაძე კოსტავაზე: ფაქტი დასაგმობია, ასეთი ტრაგედიის დროს ყველას მოეთხოვება ადამიანობა

პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატის სოფო კილაძის შეფასებით, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ნანა კოსტავას განცხადებები დასაგმობია. მისი თქმით, "ელემენტარული ადამიანობა" ყველას და "მით უფრო, მმართველი გუნდის წარმომადგენელს" მოეთხოვება.

"თვითონ ფაქტი ნამდვილად არის დასაგმობი, იმიტომ, რომ შეიძლება, ჩვენ მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს კონკრეტული ადამიანი, მაგრამ როდესაც ის ადამიანი ასეთ ენით აღუწერელ ტრაგედიაში არის, აქ აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ყველა თანამოქალაქეს, მით უფრო მმართველი გუნდის წარმომადგენელს, ელემენტარული ადამიანობა მოეთხოვება. ამიტომ, ის გაათავისუფლეს თანამდებობიდან, გადააყენეს საკრებულოში და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი ტიპის არაადამიანური გამოვლინებები არ იქნება არასდროს, განსაკუთრებით მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან,“ - განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატმა 30 მაისს იმ გოგოს ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა. ვიდეოში გოგოს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული, რითიც კომპანია "აიისას" საქმეზე მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. კოსტავამ აღწერაც დაურთო პოსტს: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"

მოგვიანებით მან ეს პოსტი წაშალა და მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს იხდის, ამბობს, რომ ტრაგედიის შესახებ არ იცოდა და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. 

ნანა კოსტავას ქუთაისში მოქმედი მედიის წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ კოსტავას მიერ სიძულვილის შემცველ განცხადებებს გმობენ და საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდეს. ოცნების დეპუტატის გადაყენების მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა.

ამის შემდეგ, 31 მაისის სხდომაზე, ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს, თუმცა, ის კვლავ რჩება საკრებულოს და ფრაქციის წევრად.

აღსანიშნავია, რომ ნანა კოსტავა ასევე ნიშნის მოგებით წერდა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შესახებაც. 2017 წლის 23 თებერვალს, მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვან მაია ასათიანს შვილი დაეღუპა, კოსტავამ დაახლოებით, იმავე შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, რაც გუშინ. 

"შვილის დაკარგვა დიდი უბედურებაა. ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად," - წერდა კოსტავა.

კომენტარები