ანაკლიის პორტი

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტის მიმართ ნამდვილად უპრეცედენტო დამოკიდებულება გვაქვს

საქართველოს პარლამენტი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის შეფასებით, ხელისუფლებას ანაკლიის პორტის მიმართ "ნამდვილად უპრეცედენტო დამოკიდებულება აქვს". ცქიტიშვილის თქმით, მთავრობამ "არაერთი ნაბიჯი გადადგა" ამ პროექტის განსახორციელებლად. ამასთან, ცქიტიშვილმა ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის შესაძლო მშენებლობაზე თქვა, რომ ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვა არავის გაუცია და ეს იყო "მიწათსარგებლობის გარკვეული პირობების დადგენა". მისი მტკიცებით, ეს ბრძანება ეკონომიკის სამინისტროს ერთერთმა სსიპ-მა გასცა და საკითხი მინისტრთან არ იყო შეთანხმებული.

"შესაბამისად, არც ერთმა მთავრობის წევრმა არ ვიცოდით ამის შესახებ. მას შემდეგ, რაც მოხდა საკითხის შესწავლა, სამინისტრომ აღმოაჩინა პროცედურული დარღვევები" - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის შეფასებითვე, ანაკლიის კონსორციუმს და მამუკა ხაზარაძეს "ემოციური და ნაჩქარევი განცხადებები" არაერთხელ გაუკეთებიათ. 

"ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც, რომ ანაკლიის პორტის მიმართ გვაქვს ნამდვილად უპრეცედენტო დამოკიდებულება მთელ სამთავრობო სტრუქტურებს. არაჩვეულებრივი, უნიკალური პირობები გვაქვს ამ პროექტისთვისაც შექმნილი, არაერთი მხარდაჭერა და დათმობა, კომპრომისული გადაწყვეტილება მივიღეთ იმისთვის, რომ ამ პროექტს არავითარი საფრთხე არ შეექმნას, მათ შორის ინვესტიცია გვაქვს, უშუალოდ, სახელმწიფო აპირებს 100 მილიონი დოლარის ჩადებას, 300 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შექმნას, უკვე 60 მილიონამდე ლარი დავხარჯეთ ამ ნაწილში. როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, ამ პროექტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენთვის, როგორც სტრატეგიული, ასევე უსაფრთხოების, ეკონომიკური უსაფრთხოების, ლოგისტიკური პოტენციალის გამოყენების თვალსაზრისით. ანაკლიის პორტის განსახორციელებლად ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით" - ამბობს მაია ცქიტიშვილი.

29 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დაამტკიცა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, "პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია."

ამას მალევე მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგებოდა. კონსორციუმის ცნობით, მთავრობამ მათ დაუმალა, რომ ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა. 

30 მაისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააუქმა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ბრძანება, რომელიც ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს ამტკიცებდა. ასევე, თანამდებობიდან გაათავისუფლა სააგენტოს უფროსი.

კომენტარები