ანაკლიის პორტი

ჭიჭინაძე: ყველანაირი მცდელობა მიდის, ანაკლიის პორტი არ აშენდეს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, უმრავლესობის ყოფილი წევრის, დავით ჭიჭინაძის თქმით, მას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მთავრობა ცდილობს, არ აშენდეს ანაკლიის პორტი. ამის შესახებ მან 30 მაისს უთხრა ჟურნალისტებს.

"ამ მდგომარეობაში, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, მე უფრო ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველანაირი მცდელობა მიდის, ანაკლიის პორტი არ აშენდეს." - ამბობს დეპუტატი.

ჭიჭინაძე აცხადებს, რომ შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას ეკისრება:

"ეს არის არა სამინისტრო, არამედ კერძო ინტერესების კორპორაცია, სადაც ხდება მხოლოდ და მხოლოდ კერძო ინტერესებით საქმიანობა და არა სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, ეკონომიკური პოლიტიკის გატარება. ამის ნათელი დასტურია ის, რომ ორ მაისს გაცემული ბრძანება აღმოჩნდა ახლა მინისტრისთვისაც თურმე ხელმისაწვდომი. წარმოიდგინეთ ახლა რა ხდება, თუ ყველა დეპარტამენტის უფროსს თავისი ინტერესი გააჩნია ამ ქვეყანაში და მინისტრი ზემოდან ვერ აკონტროლებს ყველაფერ ამას, მე ვფიქრობ არის არა იმ კონკრეტული პიროვნებების ბრალი, არამედ ამ მინისტრის ბრალი."

დავით ჭიჭინაძე მთავრობას აგრეთვე ინვესტორებთან არასტაბილურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს:

"ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ინვესტორების მდგომარეობა, რომლებსაც ხვდებიან 21 მაისს და თურმე 2 მაისს არის გადაწყვეტილება მიღებული და იმას უმალავენ. ჩვენ, როგორც საინვესტიციო ქვეყანა, ამითი საკუთარ თავს ვუკეთებთ თვითლიკვიდაციას, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ ინვესტორს სჭირდება სტაბილურობა და გარანტია. ჩვენ გადაწყვეტილებებში არ ვართ არ სტაბილურები."

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს გავრცელდა ინფორმაცია 2 მაისს ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. ამას მალევე მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგებოდა. 30 მაისს მთავრობამ უკან დაიხია - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვა შეჩერებულია.

 

კომენტარები