არჩევნები 2019

ირაკლი ჩიქოვანი: მაღალი აქტივობის შემთხვევაში, ჩვენი კანდიდატი პირველი ტურში მოიგებს

ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატის გეგა შენგელიას შტაბის უფროსმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა.

მან, წინასაარჩევნო პროცესი შეაფასა და გეგა გეგეშიძეზე ისაუბრა.

"დღეისათვის, ჩვენს ხელთ არსებული ყველა კვლევით, "ქართული ოცნების" კანდიდატს დიდი უპირატესობა აქვს. შესაბამისად, არჩევნებზე, მოსახლეობის მაღალი აქტივობის შემთხვევაში, ჩვენი კანდიდატი პირველსავე ტურში შეძლებს გამარჯვებას. ჩვენი ინფორმაციით, ანალოგიური სურათია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩატარებულ კვლევაშიც. 

ვინაიდან "ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუსტად იცის, რომ ზუგდიდში არჩევნებს აგებს, მათი ერთადერთი მიზანი ამ ეტაპისთვის არის არჩევნების ჩაშლა. ამას ცდილობენ ვითარების ხელოვნურად დაძაბვით და ტემპერატურის მაქსიმალურად აწევით. სწორედ ამიტომ, მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, "ნაციონალური მოძრაობის" ყველა ქმედება დესტრუქციისა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული. 
არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, მათი ქმედებები განსაკუთრებით გამძაფრდა. სრულიად აბსურდული მიზეზებით, ისინი თავს ესხმოდნენ, აქციებს უწყობდნენ საოლქო კომისიას და იქ მომუშავე ადამიანებს ნორმალურად მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. 
ჩვენი ინფორმაციით, არჩევნების ჩაშლისა და არეულობის მოწყობის მიზნით, მათ ცნობილ ზონდერ-ლიდერებს სრული მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ზუგდიდში, ასობით ზონდერ-აქტივისტი ჩაჰყავთ. 

სამეგრელოში მცხოვრებ ადამიანებს, ისევე, როგორც სრულიად საქართველოს კარგად ახსოვს, რომ წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის სტილი არეულობაზე, საზოგადოების გახლეჩვის მუდმივი მცდელობაზე და საკუთარ ხალხზე ძალადობაზე გადიოდა. დღეისთვის კი, როდესაც სხვა რესურსზე ხელი აღარ მიუწვდებათ, არეულობის და დაპირისპირების შესაქმნელად ყალბი ინფორმაციის გავრცელებას და პროვოკაციების მოწყობას ეყრდნობიან", - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

ხვალ, 19 მაისს შუალედური არჩევნები გაიმართება. 

კომენტარები