შინაური ცხოველები

თუ თქვენი ცხოველის დაბინძურებულ საზოგადოებრივ სივრცეს არ დაასუფთავებთ, 50 ლარით დაჯარიმდებით

Pete Souza / Official White House Photo

შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონპროექტის თანახმად, შინაური ცხოველის მეპატრონე/მფლობელი ვალდებულია, თუ მისი ცხოველი საზოგადოებრივ სივრცეს დააბინძურებს, დაუყოვნებლივ დაასუფთავოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე მეპატრონე 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო წლის განმავლობაში თუ ფაქტი კიდევ განმეორდება - მას 100 ლარის გადახდა მოუწევს.

კანონპროექტის თანახმად, შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, ცხოველის მიერ ადამიანის ან/და ცხოველის დაკბენის/დაკაწვრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას ან უფლებამოსილ ორგანოს, უზრუნველყოს ცხოველზე ვეტერინარული ზედამხედველობის დაწესება და წარუდგინოს უფლებამოსილ ორგანოს ვეტერინარული პასპორტი.

"ვეტერინარული ზედამხედველობის ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე" - ნათქვამია კანონპროექტში.

ამასთან, შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის, მოვლა-პატრონობის და პოპულაციების მართვის წესების დარღვევა, რასაც შედეგად მოყვა ადამიანის ან ცხოველის დაკბენა-დაკაწვრა ან/და სხვა პირის ინტერესებისთვის ზიანის სხვაგვარი მიყენება, გამოიწვევს ცხოველის მეპატრონის/მფლობელის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში თუ ფაქტი განმეორდება, მაშინ ცხოველის პატრონს ჯარიმის სახით ორმაგი ანუ 1600 ლარის გადახდა მოუწევს.

დეპუტატთა ნაწილი "შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ" კანონის მიღებას ითხოვს. კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ინიციატორები არიან კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე და გიორგი ხატიძე.

"ამ კანონის მიზანია შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მათი დაცვა, აგრეთვე ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა" - წერია კანონპროექტში.

დოკუმენტის თანახმად, დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვება ან მოკვლა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა, მოკლე საბმელის ხანგრძლივად გამოყენება, ან/და ხანგრძლივად დახურულ სივრცეში ყოლა.

დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის გადაცემა ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით.

აკრძალულია ჩვენებებისა და სხვა არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების მიზნის გარეშე შინაური ბინადარი ცხოველებისათვის კუდის და ყურების დაჭრა, სმენის დაქვეითება, კბილებისა და ეშვების ამოღება, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა და ხმის იოგების გადაჭრა.

შესაბამისი მუხლი დაემატება სისხლის სამართლის კოდექსს და ცხოველთა ორთაბრძოლები თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. კერძოდ, ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე. ხოლო თუ პირი ამას ჯგუფურად, არაერთგზის ან/და არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩაიდენს, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

კანონპროექტი მხარდაჭერის შემთხვევაში ძალაში შევა 2020 წლის 1 იანვრიდან.

კომენტარები