ახალი ზელანდია

11 წლის გოგომ დრაკონების საკვლევად ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრს "ქრთამი" გაუგზავნა

Getty Images

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრს, ჯასინდა არდერნს 11 წლის გოგონამ, ვიქტორიამ წერილი მისწერა, სადაც მას სთხოვს მთავრობამ დრაკონები შეისწავლოს. გოგონას ასევე სურს ტელეფათიის და ტელეკინეზის ძალა ჰქონდეს, რომ დრაკონების მწვრთნელი გახდეს. მან წერილთან ერთად პრემიერმინისტრს "ქრთამის" სახით 5 ახალზელანდიური დოლარი გაუგზავნა.

არდერნმა გოგონას ხელწერილით უპასუხა, სადაც წერს, რომ მისი ადმინისტრაცია ამჟამად დრაკონებსა და ზებუნებრივ უნარებზე არ მუშაობს:

"ჩვენ ძალიან გვაინტერესებს შენი შემოთავაზებები ზებუნებრივ ძალებთან და დრაკონებთან დაკავშირებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ამჟამად ამ სფეროში არ ვმუშაობთ. ამიტომ, ქრთამს უკან გიბრუნებ საუკეთესო სურვილებით.

პ.ს. დავაკვირდები დრაკონებს. კოსტიუმები აცვიათ?"

წერილი სოციალურ მედიაში გოგონას ძმამ გაავრცელა. მან დაწერა, რომ მისი უმცროსი და ცდილობდა მთავრობისაგან დრაკონებზე ინფორმაცია მოეპოვებინა, რათა ისინი გაეწვრთნა და ამისათვის მთავრობის "მოსყიდვა" სცადა. მისივე თქმით ტელეპათიით და ტელეკინეზით გოგონას დაინტერესება ნეტფლიქსის სერიალის "Stranger Things"-ის დამსახურებაა.

პრემიერმინისტრის ოფისში დაადასტურეს, რომ საპასუხო წერილი ნამდვილია.

კომენტარები