შინაური ცხოველები

მცირეწლოვნის თანდასწრებით ცხოველის წამება 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება - კანონპროექტი

Reuters

შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით, შინაპატიმრობით, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. თუ პირმა ეს დანაშაული ჯგუფურად, არაერთგზის, ან/და მცირეწლოვნის თანდასწრებით ჩაიდინა, მაშინ თავისუფლების აღკვეთის ვადა სამ წლამდე გაიზრდება. შესაბამისი ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს.

კანონპროექტის მიხედვით, ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღება და გავრცელება ან მათი შენახვა, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

გარდა ამისა, ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე. ხოლო თუ პირი ამას ჯგუფურად, არაერთგზის ან/და არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩაიდენს, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

დოკუმენტის თანახმად, დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვება ან მოკვლა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა, მოკლე საბმელის ხანგრძლივად გამოყენება, ან/და ხანგრძლივად დახურულ სივრცეში ყოლა. დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის გადაცემა ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით.

გარდა ამისა, აკრძალულია ჩვენებებისა და სხვა არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების მიზნის გარეშე შინაური ბინადარი ცხოველებისათვის კუდის და ყურების დაჭრა, სმენის დაქვეითება, კბილებისა და ეშვების ამოღება, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა და ხმის იოგების გადაჭრა.

კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა და მისი ინიციატორები ქართული ოცნების დეპუტატები არიან. კანონპროექტი მხარდაჭერის შემთხვევაში ძალაში შევა 2020 წლის 1 იანვრიდან.

კომენტარები