პროსტიტუცია

როენა ხუცურაული: სასტუმრო მამიდაში კათარზისის გახსნა მინდოდა

პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემაში ბრალდებული როენა ხუცურაული ამბობს, რომ სასტუმრო მამიდაში "კათარზისის" გახსნა უნდოდა. ხუცურაულმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ მოიჯარეს, ზინაიდა ქორიძეს, შენობის დაცლა სთხოვა.

"სამი თვის წინ ვაპირებდი ზინაიდა ქორიძესთან ხელშეკრულების შეწყვეტას. ქირა ვერ მოჰქონდა და ამიტომ მინდოდა შემეწყვიტა. ზინაიდამ მითხრა, მეწილეები მყავს და ქირას მოგიტანო, კიდევ შანსი მივეცი. დიდი ხნის მოფიქრებული მქონდა - კათარზისი მინდოდა გამეკეთებინა,“ - რუსთავი 2-ის ცნობით, თქვა ხუცურაულმა სხდომაზე.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, სასტუმრო მამიდას მფლობელი როენა ხუცურაული - მეტსახელად მამიდა, ამავე სასტუმროს მოიჯარე ზინაიდა ქორიძე - მეტსახელად სალომე და სასტუმრო გოლდის მფლობელი, ნ. დ 8 მაისს დააკავეს.

"გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულები თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ" - აცხადებს შსს.

სასამართლო სამივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, ხოლო დაცვის მხარე - გირაოს.

გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები