9 მაისი

"ოქმში წერია, რომ პრეზიდენტს მოღალატე ვუწოდე" - ლექსო მაჭავარიანი ხელწერილით გაათავისუფლეს

ტაბულა

"პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის" დაკავებული ლექსო მაჭავარიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. სამოქალაქო აქტივისტმა და popmusic-ის ხელმძღვანელმა ტაბულას უთხრა, რომ აქციაზე მისულ სალომე ზურაბიშვილის "მოღალატე" უწოდა. ლექსო მაჭავარიანის თქმით, დაკითხვის ოქმში სამართალდამცველებმა ჩაწერეს, რომ მან პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს-ს განცხადებით, აქციის "არა პუტინის მარშს" 4 მონაწილე, მათ შორის, ლექსო მაჭავარიანი, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისათვის დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.

"მათ მიმართ გრძელდება ადმინისტრაციული საქმისწარმოება. საქმის მასალები, სამართალდამრღვევთა მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, გადაიგზავნება საქალაქო სასამართლოში" - აცხადებს შსს.

დღეს ვაკის პარკში რამდენიმე აქცია ჩატარდა. ერთი პრორუსული "უკვდავი პოლკის" ანალოგიური აქცია იყო, რომლის გაცხადებული მიზანი 9 მაისის, როგორც "ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნის ზეიმი" იყო, თუმცა აქციის მონაწილეების აბსოლუტური უმრავლესობა რუსულ ნარატივს აჟღერებდა. ამ აქციაზე პოლიციამ 1958 წელს დაბადებული გ. ნ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციის დაუმორჩილებლობა) დააკავა, ხოლო, 1969 წელს დაბადებული თ. ფ., კომისიის გაფრთხილების მიუხედავად საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 174-ე 16 პრიმა მუხლით გამოავლინა და გაფრთხილება მისცა.

კიდევ ერთი აქცია მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიამ" გამართა, სახელწოდებით "არა პუტინის მარშს". სწორედ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავის პატივის მისაგებად მივიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რა დროსაც აქციის "არა პუტინის მარშს" მონაწილეები სკანდირებდნენ და ზურაბიშვილს "მონასა" და "მოღალატეს" უწოდებდნენ. 

კომენტარები