ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ ბოლო 5 დღის განმავლობაში მეორე რაკეტა გამოსცადა

AP

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით ჩრდილოეთ კორეამ სულ მცირე ერთი ჯერ-ჯერობით უცნობი ტიპის რაკეტა გამოსცადა.

ეს ბოლო 5 დღის მანძილზე ჩრდილოეთ კორეის მხრიდან იარაღის გამოცდის მეორე შემთხვევაა.

რაკეტის გამოცდამდე რამდენიმე საათით ადრე ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაში შაბათს გაშვებულ მცირე რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებზე საუბრობდნენ და ამას თავდაცვითი სამხედრო წვრთნა უწოდეს.

აღნიშნულ შემთხვევას აშშ-ს პრეზიდენტი Twitter-ზე გამოეხმაურა - "ამ ძალიან საინტერესო სამყაროში ყველაფერია შესაძლებელი, თუმცა მჯერა, რომ კიმ ჩენ ინი სრულიად იაზრებს ჩრდილოეთ კორეის უდიდეს ეკონომიკურ პოტენციალს და არაფერს ისეთს გააკეთებს, რაც ამას ხელს შეუშლის ან დაასრულებს. მან ასევე იც, რომ მე მასთან ვარ და არ მინდა ჩემთვის მოცემული დაარღვიოს. შეთანხმება მიიღწევა!“

თეთრი სახლის სპიკერმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ იციან ჩრდილოეთ კორეის ქმედებების შესახებ და მონიტორინგს აგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეის ინფორმაციით გასულ თვეს, მათ ე.წ. ტაქტიკურად მართვადი იარაღი გამოსცადეს მას შემდეგ, რაც ვიეტნამში კიმ ჩენ ინისა და ტრამპის სამიტი წარუმატებლად დასრულდა.

ვიეტნამში გამართული სამიტი, სადაც მხარეები ნახევარკუნძულის დენუკლერიზაციისაკენ გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე უნდა შეთანხმებულიყვნენ უშედეგოდ დასრულდა. აშშ-ის თქმით მოლაპარაკებების წარუმატებლობის მიზეზი ის იყო, რომ ჩრდილოეთ კორეა სანქციების სრულად მოხსნას ითხოვდა. ტრამპის თქმით, ამისათვის მათ საკმარისი პროგრესი არ უჩვენებიათ.

სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში არსებულ საკვლევ ცენტრებში ბირთვულ იარაღზე მუშაობა კვლავ გრძელდება.

აპრილში კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად დონალდ ტრამპს "სწორი დამოკიდებულება" უნდა ჰქონდეს.

18 აპრილს ე.წ. ტაქტკური იარაღის გამოცდინან მალევე ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მაიკ პომპეო უპასუხიმგებლობასა და არაადეკვატურობაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, თუ პომპეო მოლაპარაკებებში მონაწილეობას გააგრძელებს ისინი უშედეგო იქნება.

ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის სამიტის შემდეგ, რომელიც ვლადივოსტოკში 25 აპრილს გაიმართა, პუტინმა თქვა, რომ აშშ-ის მხრიდან შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიები ფხენიანის დასარწმუნებლად, დახუროს ბირთვული პროგრამა, საკმარისი არ იქნება.

მისი თქმით ეს გარანტიები სხვა ქვეყნებმა უნდა გაამყარონ, რომლებიც წარსულში ამ საკითხზე მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართული, მათ შორის რუსეთმა.

კომენტარები