ისრაელი-ირანი

ნეთანიაჰუ: ისრაელი არ დაუშვებს, რომ ირანს ბირთვული შეიარაღება ჰქონდეს

ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

8 მაისს ისრაელის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ისრაელი არ დაუშვებს ირანის ბირთვულ შეიარაღებას. განცხადება მოყვა თეირანის გადაწყვეტილებას, რომ 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებს.

"ამ დილით, როდესაც აქ მოვდიოდი, გავიგე, რომ ირანს თავისი ბირთვული პროგრამის განხორციელება სურს. ჩვენ ირანს უფლებას არ მივცემთ რომ ბირთვული შეიარაღება ჰქონდეს. ჩვენ გავაგრძელებთ იმასთან ბრძოლას, რაც ჩვენ მოგვკლავს," - განაცხადა ნეთანაიჰუმ.

მისი თქმით, ისრაელში გასული დღეების მოვლენები ცხადყოფს, რომ მტერს მათი ვნება და ისრაელის განადგურება სურს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

ირანი 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებს. პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით, ქვეყანა დაიტოვებს გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდის.

მან ასევე თქვა, რომ თეირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მა შეთანხმება დატოვა და ირანს მის ფარგლებში მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით რეგიონში აშშ-ის ავიამზიდს და ბომბდამშენებს განათავსებენ.

გარდა ამისა, აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

კომენტარები