ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჯადმა CNN Turk-თან ინტერვიუს მიცემის დროს თქვა, რომ ირანის საიდუმლო სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც ირანში მოსადის აგენტების გამოაშკარავება ევალებოდა, თავად იყო ისრაელის აგენტი. აჰმადინეჯადის თქმით, ირანის მთავრობისთვის ეს ფაქტი ჯერ კიდევ 2021 წელს გახდა ნათელი.
აჰმადინეჯადი ასევე ამტკიცებს, რომ ირანის სადაზვერვო ჯგუფის კიდევ 20 აგენტი, რომლებსაც ისრაელის სადაზვერვო საქმიანობის მონიტორინგი ევალებოდათ, ასევე ისრაელის აგენტები იყვნენ და მათი საქმიანობა თეირანის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ირანის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სავარაუდო ორმაგი აგენტები ისრაელს ირანის ბირთვულ პროგრამაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდნენ. აჰმადინეჯადი ასევე ამტკიცებს, რომ ისრაელში დაბრუნებამდე მათ რამდენიმე ირანელი მეცნიერიც მოკლეს.
"ისრაელმა ირანის შიგნით კომპლექსური ოპერაციები ჩაატარა, მათ ინფორმაციის მოპოვება მარტივად შეეძლოთ. ირანში ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არაფერს ამბობენ. ადამიანი, რომელიც ირანში ისრაელის წინააღმდეგ შექმნილ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ისრაელის აგენტი იყო". - თქვა ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა.





