ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ირანელ ხალხს მიმართავს და ამბობს, რომ ირანულ რეჟიმს საკუთარი მოსახლეობა არ ადარდებს და ერს უფსკრულს აახლოებს, თუმცა ირანი მალე "გათავისუფლდება". მისივე თქმით, ისრაელი ირანელი ერის გვერდით დგას.
"ირანელმა ხალხმა უნდა იცოდეთ, რომ ისრაელი თქვენთან დგას. დაე, ერთად ვიხილოთ მომავალი კეთილდღეობით და მშვიდობით". - თქვა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერმინისტრმა ვიდეომიმართვაში ასევე ისრაელის წარმატებულ სამხედრო ოპერაციებსა და ჰამასისა და ჰეზბოლას მეთაურების მკვლელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისრაელი რეგიონში ყველა ადგილს "მიწვდება".
"ახლო აღმოსავლეთში არ არის ადგილი, რომელსაც ისრაელი ვერ მიწვდება, არ არსებობს ადგილი, სადაც არ წავალთ, რათა ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა დავიცვათ". - თქვა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს თქმით, ირანულმა რეჟიმმა ქვეყნის განათლების, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ფულის ჩადების ნაცვლად ფული "ახლო აღმოსავლეთში უშედეგო ომებსა" და ბირთვული იარაღის წარმოებაზე დახარჯა.
"ყოველწამიერად ეს რეჟიმი თქვენ, კეთილშობილ სპარსელ ხალხს, უფსკრულს უფრო და უფრო გაახლოებთ. ირანელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რომ მათ რეჟიმს ისინი საერთოდ არ ადარდებთ. რომ ადარდებდეს, თქვენ რომ ადარდებდეთ, ახლო აღმოსავლეთში უშედეგო ომებში მილიარდობით დოლარის დახარჯვას შეწყვეტდა. თქვენი ცხოვრებების გამოსწორებას დაიწყებდა". - თქვა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერმა ასევე თქვა, რომ ირანი "გაცილებით უფრო მალე" გათავისუფლდება, ვიდრე ეს "ხალხს ჰგონია". მისივე თქმით, რეჟიმის დამარცხების შემდეგ ირანსა და ისრაელს შორის მშვიდობა დამყარდება.
"როდესაც ირანი საბოლოოდ გათავისუფლდება - და ეს მომენტი გაცილებით უფრო მალე დადგება, ვიდრე ხალხს ჰგონია - ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ჩვენს ორ უძველესი ხალხს, ებრაელებსა და სპარსელებს, შორის ბოლოს და ბოლოს მშვიდობა დაისადგურებს. ჩვენი ორი ქვეყანა, ისრაელი და ირანი, მშვიდობით იქნება". - თქვა ნეთანიაჰუმ.
გარდა ამისა, ნეთანიაჰუ ირანელ ხალხს მოუწოდებს, რომ ისინი "უკეთესს იმსახურებენ" და არ უნდა მისცენ საშუალება თეოკრატიულ რეჟიმს, რომ მათი "ოცნებები დაამსხვრიოს".
"ირანი აყვავდება ისე, როგორც არასდროს. [...] ნუ მისცემთ ფანატიკოს თეოკრატთა მცირე ჯგუფს საშუალებას, თქვენი იმედები და ოცნებები დაამსხვრიონ. უკეთესს იმსახურებთ". - თქვა ნეთანიაჰუმ.





