9 მაისი

"არა პუტინის მარშს" - 9 მაისს “უკვდავი პოლკის” კონტრაქცია გაიმართება

რუსეთი ოკუპანტია

9 მაისს, მოძრაობის "რუსეთი ოკუპანტია" ორგანიზებით აქცია - "არა პუტინის მარშს" გაიმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია არა "უკვდავთა პოლკის" მსვლელობის ჩაშლა, არამედ საპირისპირო, პრო-ევროპული და პრო-ამერიკული აზრის მშვიდობიანად გაჟღერება.

"საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს სწორი, ევროპული არჩევანი. ახლა ამ არჩევანს სჭირდება დაცვა" - აცხადებს მოძრაობა და აღნიშნავს, რომ აქცია კუს ტბის ასახვევთან, 9:30-ზე დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია "ევრაზიული ინსტიტუტის" დამფუძნებელი, გულბაათ რცხილაძე 9 მაისს ჭავჭავაძის გამზირზე, კუს ტბიდან ვაკის პარკამდე, მსვლელობას გეგმავს. რცხილაძე ფეისბუქზე წერს, რომ მსვლელობა "საქართველოს უკვდავი ჯარის" ფორმატით მოხდება, რომელიც რუსული "უკვდავი პოლკის" ანალოგია.

როგორც წესი, მსვლელობის მონაწილეებს ხელში ომში დაღუპული ახლობლების ფოტოები უჭირავთ. მასში მონაწილეობა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსაც მიუღია.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "უკვდავთა პოლკს" და სხვა ორგანიზაციებს კანონით აკრძალული საბჭოთა კომუნისტური და ტოტალიტარული სიმბოლოების გამოყენების თაობაზე ოფიციალური გაფრთხილება გაუგზავნა. 

კომენტარები