ვენესუელა

კარაკასის საავიაციო ბაზაზე, სადაც გუაიდოს მხარდამჭერები იკრიბებოდნენ, სროლა ისმოდა

Reuters

Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში, საავიაციო ბაზაზე, სადაც ხუან გუაიდოს მხარდამჭერები იკრიბებოდნენ, სროლის ხმა ისმოდა.

მათი ინფორმაციით სროლა მადუროს მომხრე ჯარისკაცებსა და გუაიდოს სამხედრო ფორმაში ჩაცმულ დაცვას შორის მოხდა.

გუაიდომ თქვა, რომ მადუროს დასამხობად მას სამხედროებიც შეუერთდნენ, რასაც მადუროს რეჟიმი უარყოფს.

მან ლა კარლოტას საავიაციო ბაზაზე მიმდინარე აქცია დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ხუან გუაიდომ გამოაცხადა, რომ ვენესუელაში ნიკოლას მადუროს დასამხობად "ფინალური ფაზა" დაიწყო და სამხედრო ძალებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ მას უზურპატორის წინააღმდეგ.

გუაიდომ ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებთან და ოპოზიციონერ პოლიტიკოს ლეოპოლდო ლოპეზთან, რომელიც შინა პატიმრობაში იმყოფება, კარაკასის ლა კარლოტას საავიაციო ბაზაზე საუბრობს:

"ეს მომენტი არის ახლა. ჩვენ ვენესუელისათვის თავისუფლებას და დემოკრატიას მოვიპოვებთ...ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ისინი ვენესუელელი ხალხის მხარდაჭერას ელიან, კონსტიტუციის მხარდაჭერას, გარანტიას, რომ ისტორიის სწორ მხარეს დგანან." ამბობს გუაიდო.

მასშტაბური საპროტესტო აქცია ხვალ, პირველ მაისს იგეგმება. გუაიდოს თქმით ეს იქნება ყველაზე დიდი მარში ვენესუელის ისტორიაში.

"ვენესუელელებო, საჭიროა, რომ ჩვენ ყველა გავიდეთ ქუჩებში და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიას და თავისუფლების დაბრუნებას. ორგანიზებულად და ერთიანად უნდა ვიმოძრაოთ მთავარი სამხედრო ინსტალაციებისაკენ. კარაკასელებო, ყველანი ლა კარლოტასკენ." თქვა გუაიდომ.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა ტვიტერზე დაწერა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა კონსტიტუცია და ვენესუელელი ხალხი უნდა დაიცვან და მხარი დაუჭირონ ეროვნულ ასამბლეას დემოკრატიის უზურპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს ვენესუელელმა ოპოზიციონერმა და ნაციონალური ანსამბლეის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა გუაიდო ქვეყნის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარა.

აშშ-ს აღაირების შემდეგ ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

კომენტარები