ვანო მერაბიშვილის საქმე

"უდოს" კომისიამ ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი უთხრა

რადიო თავისუფლება

ყოფილ პრემიერმინისტრს ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე არ გაათავისუფლებენ. "უდოს" კომისიამ საქმე 11 აპრილს განიხილა და ყოფილ პრემიერს გათავისუფლებაზე უარი უთხრა.

„უდოს“ კომისიას მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის თავიდან განხილვა 25 თებერვალს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა.

იუსტიციის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა 25 მარტს ამოეწურა, უწყებას გადაწყვეტილება საპელაციოში არ ჰქონდა გასაჩივრებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ კომისიას ხელახლა უნდა ემსჯელა.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა იუსტიციის სამინისტროს აპრილის თვის ბოლოს ეწურებოდა. ადვოკატები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

პირველ ჯერზე ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის სამართლებრივ აქტში ჩაწერილი საფუძვლები სასამართლოს მიერ უსაფძვლოდ იქნა მიჩნეული, სწორედ ამიტომ დაევალა კომისიას საკითხის თავიდან განხილვა.

ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 2017 წლის 28 ნოემბერს გამოიტანა. გადაწყვეტილების მიხედვით, ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები).

ასევე, სასამართლოს დასკვნით, მერაბიშვილის მიმართ სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რადგან მათი გადაწყვეტილებით, არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი. პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სტრასბურგის სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ.

სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წაყენებულ ბრალდებასთან.

2018 წლის 6 დეკემბერს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. დასკვნაში კიდევ ერთხელ არის აღნიშნული, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი და ამავე დროს პატიმრობის დროს მისი უფლებები დაარღვია მთავარმა პროკურორმაც, რომელიც მასზე სხვა საქმეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ზეწოლას ახდენდა.

კომიტეტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ჩაატაროს ხელახალი გამოძიება, რომელიც იქნება ინსტიტუციონალურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი მონაწილე პირებისგან და გააფართოვოს გამოძიების არეალი, რათა დადგინდეს ვანო მერაბიშვილის მიმართ უფლებების დარღვევის შესაძლო გავლენა მის წინააღმდეგ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე.

კომენტარები