ლიბია

ტრიპოლისთან შეტაკებები განახლდა, დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი

Reuters

გაეროს მიერ მხარდაჭერილი მთავრობის ინფორმაციით ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლისთან განახლებული შეტაკებების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა.

დაღუპულებს შორის წითელი ნახევარმთვარის ექიმიცაა. გაერომ მხარეებს ცეცხლის 2 საათით შეწყვეტისაკენ მოუწოდა, რათა ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოქალაქეებს და დაშავებულების გაყვანა მოხერხებულიყო, თუმცა ბრძოლა არ შეწყვეტილა. ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ლიბიიდან თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყეს.

ტრიპოლიზე შეტევა ქალაქის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებიდან გენერალ ხალიფა ჰაფთარის ძალებმა წამოიწყეს. გაეროს მიერ მხარდაჭერილი მთავრობის პრემიერმინისტრის თქმით ხალიფა ჰაფთარს მთავრობის დამხობა სურს, რის უფლებასაც არ მისცემენ.

ჰაფთარის ძალების წარმომადგენლების თქმით მათ პირველი საჰაერო თავდასხმა მას შემდეგ განახორციელეს, რაც შაბათს გაეროს მიერ მხარდაჭერილმა ეროვნული თანხმობის მთავრობამ მათი პოზიციები დაბომბა, ხოლო მათმა სპიკერმა ალ-ჯაზირასთან საუბარში თქვა, რომ მთელი ქვეყნის "გაწმენდას" აპირებენ.

ჰაფთარის ძალების წარმომადგენლის თქმით დაიღუპა მათი 14 მებრძოლი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდა.

"ტრიპოლის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს უქმნის და ძირს უთხრის ლიბიელებისათვის უკეთესი მომავლის პერსპექტივებს." ნათქვამია მის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სხვადასხვა ძალებს შორის დაპირისპირება 2011 წელს მუამარ კადაფის ჩამოდგების და მოკვლის შემდეგ გრძელდება.

ეროვნული თანხმობის მთავრობა 2015 წელს შეიქმნა და ამჟამად მას პრემიერმინისტრი ფაიეზ ალ-სერაჯი მეთაურობს. სერაჯის თქმით მან ჰაფთარს მოლაპარაკებები შესთავაზა, რათა სისხლისღვრა თავიდან აეცილებინათ, თუმცა პასუხად "ზურგში დანა" მიიღო.

გენერალი ხალიფა ჰაფთარი 1969 წელს კადაფის ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა, თუმცა მასთან უთანხმოების შემდეგ ქვეყანა დატოვა და ლიბიაში 2011 წელს კადაფის წინააღმდეგ ამბოხების დაწყების შემდეგ დაბრუნდა. მისი ძალები ამჟამად ქვეყნის ყველაზე დიდ ტერიტორიას აკონტროლებენ და ჰაფთარის თქმით არ გაჩერდებიან, სანამ ქვეყანას ტერორიზმისგან არ გაათავისუფლებენ.

ლიბიის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ფრთაც.

გაეროს მიერ ინიცირებული მოლაპარაკებები, რომელთა მიზანს ქვეყანაში არჩევნების ჩასატარებლად სამოქმედო გეგმის შემუშავება წარმოადგენს 14-16 აპრილს იყო დაგეგმილი. გაეროს დესპანის თქმით მოლაპარაკებები მაინც გაიმართება, თუ რაიმე სერიოზული წინაღობა არ შეიქმნა.

კომენტარები