საბანკო რეგულაციები

გვენეტაძე: რეგულაციები რომ არ შემოგვეღო, რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დადგებოდა

პარლამენტი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, საბანკო რეგულაციები და სესხის გაცემის შეზღუდვა სამომავლოდ ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის არის საჭირო. 

კობა გვენეტაძე პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა და ფიზიკური პირების საცალო დაკრედიტების მიმართულებით განხორციელებული რეგულაციების პირველადი მონაცემების შესახებ სწორად აქ ისაუბრა. 

მისი თქმით, რეგულაციების შემოღებამდე ფიზიკური პირების არაჯანსაღი დაკრედიტების კუთხით მძიმე მდგომარეობა იყო. 

"ტექნოლოგიების განვითარებამ და სხვადასხვა ფინანსური კომპანიების ე.წ მტაცებლურმა აგრესიულმა დაკრედიტებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. 700 000-მდე მოქალაქე გადახდისუუნარო აღმოჩნდა. გარდა ამისა, 100 ათასობით ადამიანს მაღალი სესხები გააჩნდათ. ვიღებთ ძალიან ბევრ წერილს, რომლებმაც უძრავი ქონება დაკარგეს ან დაკარგვის რისკის ქვეშ არიან გაუთვითცნობიერებლად მიღებული გადაწყვეტილებების გამო. სესხის მომსახურების კუთხით სიძნელეების ძირითადი მიზანი სწორედ უპასუხისმგებლოდ დაკრედიტების პრაქტიკა იყო. 

მე ძალიან კარგად მესმის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის რეგულაციებს მოკლევადიან პერიოდში ვერ ექნებოდა პოზიტიური გავლენა. პრობლემები შეექმნათ იმ ტიპის ბიზნესებს, რომლებიც აგებული იყო სწრაფ სასესხო პროდუქტებზე, რომელიც გადახდისუნარიანობის ყოველგვარი ანალიზის გარეშე გაიცემოდა, თუმცა, ამავდროულად, უნდა შევხედოთ დიდ სურათს, რა შედეგი დაგვიდგებოდა ამ ტიპის დაკრედიტების გაგრძელების შემთხვევაში. დარწმუნებით შეგიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დადგებოდა მოსახლეობის დიდი ნაწილისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის: უმუშევრობა მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. 

ჩვენი ყველას, როგორც ეროვნული ბანკის, ისე მთავრობის და პარლამენტის როლი და მანდატია, რომ არ დაველოდოთ ვითარების რადიკალურად გაუარესებას და სამომავლო პრობლემების ასარიდებლად დროულად მივიღოთ ზომები. 

ბოლო 6 წლის განმავლობაში ფიზიკური პირების დაკრედიტება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 15%-დან 40%-მდე გაიზარდა. დაკრედიტების ზრდის ტემპიც, ეკონომიკის ზრდის ტემპებთან შედარებით ასევე მაღალი იყო. 

კერძოდ, საკრედიტო ზრდა ბოლო 3-5 წლის განმავლობაში წლიურად 20%-ზე მაღალი იყო. თუ დავალიანება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მისი მომსახურების შესაძლებლობა, ეს აუცილებლად გამოიწვევს მძიმე პრობლემებს როგორც მსესხებლებისთვის, ასევე საფინანსო სექტორისთვის და მთლიანად ეკონომიკისთვის. 

ჩვენი საქმიანობის უმთავრესი მიზანი კი სწორედ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა", - თქვა კობა გვენეტაძემ პარლამენტში. 

2019 წლის იანვრიდან, ახალი საბანკო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს ევალებათ მსესხებლის გადახდისუნარიანობის უფრო მკაცრად შემოწმება, ვიდრე მანამდე. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით დაწესებული აქვს მაქსიმალური ლიმიტი თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აიღოს მან. 

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, სესხის გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს, ანუ 350 ლარს.

2) თვეში 1000-2000 ლარამდე - 45%-ს, 900 ლარს

3) თვეში 2000-4000 ლარამდე - 55%-ს, 2200 ლარს

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, მოქალაქეს შეუძლია აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, 60%-ია. 

საფინანსო ორგანიზაციას ასევე არ შეუძლია გასცეს ისეთი სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახადის გადახდის შემდეგ, მოქალაქეს შემოსავლიდან საარსებო მინიმუმზე ნაკლები რჩება. 

სესხების გაცემაზე რეგულაციებმა ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა - წაიკითხეთ ვრცლად.

კომენტარები