საბანკო რეგულაციები

მაჭავარიანი საბანკო რეგულაციებზე: მალე მოახდინა რეკუპერაცია ეკონომიკამ

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა bm.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში საბანკო რეგულაციებზე ისაუბრა.

მაჭავარიანის თქმით, რეგულაციების შემოღების შემდეგ მთავრობა ეკონომიკური ზრდის შენელებას ელოდა, თუმცა კლება მოსალოდნელზე მცირე აღმოჩნდა.

"ამის [საბანკო რეგულაციების] გვერდითი მოვლენა უნდა ყოფილიყო დაბალი მოხმარება, ერთობლივი მოხმარების შემცირება და დაბალი ეკონომიკური ზრდა. პრაქტიკულად, ეს გადალახულია. წარმოუდგენელ ციფრებს ვხედავთ, წინა თვე იყო 5.7%, ოქტომბერი. 

შემიძლია გითხრათ, რომ წინასწარი მონაცემებით 7%-ის მიდამოში იქნება, პლუს-მინუს მცირედი სხვაობით. 

მოლოდინი იყო, რომ ცოტა უფრო დაბალი იქნებოდა [ეკონომიკური ზრდა] და შემდგომში გასწორდებოდა. მალე მოახდინა რეკუპერაცია ეკონომიკამ." - ამბობს ფინანსთა მინისტრი.

მაჭავარიანმა ისაუბრა იმაზეც, რომ იპოთეკების ნაწილში მთავრობის მიერ შემოღებული რეგულაციები "გადაჭარბებული" აღმოჩნდა. მისი თქმით, ამ კუთხით რეგულაციებს თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა.

2019 წლის იანვრიდან, ახალი საბანკო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს ევალებათ მსესხებლის გადახდისუნარიანობის უფრო მკაცრად შემოწმება, ვიდრე მანამდე. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით დაწესებული აქვს მაქსიმალური ლიმიტი თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აიღოს მან. 

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, სესხის გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს, ანუ 350 ლარს.

2) თვეში 1000-2000 ლარამდე - 45%-ს, 900 ლარს

3) თვეში 2000-4000 ლარამდე - 55%-ს, 2200 ლარს

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, მოქალაქეს შეუძლია აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, 60%-ია. 

საფინანსო ორგანიზაციას ასევე არ შეუძლია გასცეს ისეთი სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახადის გადახდის შემდეგ, მოქალაქეს შემოსავლიდან საარსებო მინიმუმზე ნაკლები რჩება.

კომენტარები