საბანკო რეგულაციები

გვენეტაძე: პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შემოღება საკმაოდ ეფექტიანი იყო

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენტაძემ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვიდეოკონფერენციაში ფინანსური სისტემის უზრუნველყოფაზე ისაუბრა.

გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული საბანკო რეგულაციები ეფექტიანი აღმოჩნდა და ფინანსური სისტემის მდგრადობას შეუწყო ხელი:

"ჩვენი ამოცანა და პრიორიტეტი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, აქეთაა მიმართული ყველა ჩვენი ღონისძიებაც. საკმაოდ ეფექტიანი იყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემოღება.

ამ რეგულაციისა და კიდევ სხვა მთელი რიგი საზედამხედველო პოლიტიკის ღონისძიებების შედეგად მივიღეთ დღევანდელი ფინანსური სისტემა: ძლიერი კაპიტალით, მაღალი ლიკვიდობით და მდგრადი აქტივებით", - თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვიდეოკონფერენციისას.

გვენეტაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ ეროვნულ ბანკს უცხოური ვალუტის რეზერვების დაგროვებამ საშუალება მისცა, "შეემცირებინა ფასებთან და ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული რისკები".

ახალი საბანკო რეგულაციები ძალაში 2019 წლის იანვრიდან შევიდა, რის შემდეგადაც საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა - ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს ევალებათ მსესხებლის გადახდისუნარიანობის უფრო მკაცრად შემოწმება, ვიდრე მანამდე. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით დაწესებული აქვს მაქსიმალური ლიმიტი თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აიღოს მან. 2020 წლის მარტიდან კი ეროვნულმა ბანკმა საბანკო რეგულაციების შერბილება გადაწყვიტა.

კომენტარები